რა არის ის, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელად გიყვარდათ? როგორც კი ამ კითხვას დაუსვამთ თქვენს თავს, მიხვდებით, რომ 5 წელი ცოტა დრო არაა. რთულია, ერთი სიმღერა გიყვარდეს ზედიზედ 5 წელი. ისიც რთულია, 5 წელი ერთ სამსახურში მუშაობდე ან ერთნაირად გიხაროდეს საკუთარ სახლში გაღვიძება. 5 წლის განმავლობაში ერთი და იმავე მთავრობის სიყვარულზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ჩვენნაირ ქვეყანაში ეგ საერთოდ შეუძლებელია.

თუმცა კომუნა მზესუმზირას წევრები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ისინი 5 წელია, საკუთარ საქმეზე და ერთმანეთზე გიჟდებიან.

ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, პიკნიკების სერიით. 2015 წელს კი მზესუმზირას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, eZo festival-ის პრემიერა შედგა.

პირველ ეზოს ლისის ტბაზე გაშლილმა სივრცემ უმასპინძლა. გართობის სურვილს სტიქიამ ვერაფერი დააკლო და ეზო ფესტივალი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

ალბათ, ეს წამოწყება ასე ძალიან რომ არ ჰყვარებოდათ შემქმნელებს, მალევე ჩაიქნევდნენ ხელს, რადგან საწყის წლებში ეზოზე ყოველთვის წვიმდა. ერთია, ღონისძიებაზე რომ მიდიხარ და წვიმს, და მეორეა, როცა ღონისძიებას აწყობ და წვიმს. ეს მეორე სულ სხვა განზომილების მწუხარებას იწვევს, რომლის დამარცხებაც მხოლოდ ერთგულ მეგობრებს შეუძლიათ თავსხმა წვიმაში ღიმილიანი ცეკვით.

2016 წელს ეზომ მთაწმინდაზე გადაინაცვლა: იმ სივრცემ, რომელშიც გალაკტიონის "მთაწმინდის მთვარე", ფუტურისტულ ანძასთან და დინოზავრების პარკთან იკვეთება, გართობას ახალი ველი შესძინა.

ანძის ქვეშ ცეკვა ორ წელს გაგრძელდა.

ამის შემდეგ კი ეზომ გადაწყვიტა, უფრო გაფართოებულიყო და ღრმად შეყუჟულიყო ტყეში.

ამჟამინდელი ტერიტორია მეტ სახეტიალოს სთავაზობს სტუმრებს. აქ ბევრი ადგილია განმარტოებისთვის და ამავე დროს, მეტი სივრცე ერთად ყოფნისთვის. შეგიძლია, რომელიმე ხეს მიეყრდნო და გაუჩინარდე, ან სცენასთან ძალიან ახლოს მიიწიო და იგრძნო, როგორ პულსირებს ჰაერი.

მზესუმზირას ივენთების დასრულება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ერთხელ, კომუნის შექმნიდან ძალიან მალე, საახალწლო წვეულება, რომელიც ერთდღიანად იყო ჩაფიქრებული, მთელ სამ დღეს გაგრძელდა. მუსიკა წამითაც არ შეწყვეტილა და ხალხსაც არ მობეზრებია. რომ არა კონკრეტული გარემოებები, შესაძლოა, ღონისძიების ორგანიზატორები და სტუმრები დაუსრულებელ სპირალში ჩარჩენილიყვნენ, სადაც 2015 წელი ისევ და ისევ დგება.

ადამიანთა რიცხვი ეზოზე ყოველწლიურად იზრდება და ფესტივალის ყველაზე ადრეულ სტუმრებს ეს ერთობ სნობურ მიზეზს აძლევს შესაშფოთებლად: აი, ერთხელაც რომ მივიდე და "სახლური" გარემო აღარ დამხვდეს? ხომ ხდება ხოლმე ასეც, საყვარელ ადგილას აღმოჩნდები და "სხვა ხალხის ისმის იქ ჟრიამული"...?!

ფაქტი ფაქტია: ეზო ყოველ წელს ახერხებს, ეს ეჭვები გაფანტოს. ვინც არ უნდა უკრავდეს და რამდენი ხალხიც არ უნდა იყოს - ფეხის შებიჯებისთანავე სახლში ხვდები, ამის შემდეგ კი თავგადასავალი იწყება.

ეჭვი მეპარება, ამ ფორმულის სიტყვებში მოქცევა თვითონ კომუნა მზესუმზირას წევრებს შეეძლოთ. გარდა თავდაუზოგავი შრომისა და მონდომებისა, ასეთი დღესასწაულის მოწყობას ცოტა ჯადოქრობაც უნდა, რომლის მოქმედების პრინციპიც თვითონ ჯადოქრებსაც არ ესმით ხოლმე.

ამ მზიანი გზის მეხუთე წლის აღსანიშნად მზესუმზირა დიდ წვეულებას მართავს, რომელზეც ყველა ვართ დაპატიჟებული: ისინიც, ვისაც ის პირველი შტორმიანი ეზო გვახსოვს და ისინიც, ვისაც ჯერ ფეხიც არ შეუდგამს ამ სამყაროში.

ლამაზი დღე 6 სექტემბერს, 22:00 საათზე იწყება და მეორე დღის 22:00-მდე გაგრძელდება