სერიალები Big Little Lies და GOT ტელეარხი HBO-ს პროდუქტია. ისინი ჟანრობრივად და შინაარსით სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ამ სერიალების თითო ეპიზოდის გადაღება თითქმის ერთნაირ ხარჯებთანაა დაკავშირებული. უცნაური ფაქტია, თუმცა ასეა. მერილ სტრიპი, რიზ უიზერსპუნი და ნიკოლ კიდმანი ერთად შოუს შემქმნელებისთვის იაფი სიამოვნება ნამდვილად ვერ იქნება. თან დრაკონებს სამი ოსკარი არ აქვთ აღებული.

ხუმრობა იქით იყოს და მართლა საინტერესოა, რატომ ჯდება ამ სერიალების თითო ეპიზოდი ერთნაირი ფასი. დიდი პატარა ტყუილები ნატურალისტური შოუა, რეალისტური მოცემულობით და ადამიანების ურთიერთობით, რომელიც ძირითადად მთავარი გმირების სახლებში ხდება. სად ჩნდება ტოლობის ნიშანი სამეფო კარის თამაშებთან, რომელიც ახალ, ფანტასტიკურ სამყაროს ქმნის, ჰყავს A კატეგორიის მსახიობები და დიდ თანხებს ხარჯავს გრაფიკულ დიზაინსა და ვიზუალურ ეფექტებზე.

ფოტო: HBO

ხშირ შემთხვევებში სატელევიზიო შოუებს ისეთი დიდი ბიუჯეტი არ აქვთ, როგორიც დიდი ეკრანის ფილმებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სატელევიზიო წარმოება უფრო იაფია. ძალიან დიდი ხარჯია სერიალისთვის 8 და 10-საათიანი სატელევიზიო ეთერი, ხანდახან კი უფრო მეტიცაა საჭირო. GOT ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი შოუა, ერთი ეპიზოდის გადაღება საშუალოდ $14,5 მილიონი ჯდება, ალბათ გასაკვირია, როცა ლიან მორიარტის პოპულარული რომანის თითო ეპიზოდის გადაღებასაც დაახლოებით ამდენივე სჭირდება.

სად მიდის ეს ფული? ვიცით, რომ რენატა კლაინი (ლორა დერნი) ღარიბი არ (!) იქნება. რა თქმა უნდა რაიმე ახსნა უნდა იყოს, თუ რატომ იხარჯება ამდენი ფული ასეთ მცირე მასშტაბიან მინისერიალზე. ამ ყველაფერს კი საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს: ნიკოლ კიდმანის, რიზ უიზერსპუნის და მერილ სტრიპის გადაღება, სხვა წამყვან მსახიობებთან ერთად, ძვირი ჯდება. როდესაც საქმე მეორე სეზონზე მიდგა, მათ პირველ სეზონზე გაცილებით მაღალი ანაზღაურება მოითხოვეს.

მარცხნიდან ნარჯვნივ: ზოი კრავიცი, ნიკოლ კიდმანი, შეილინ ვუდლი, რიზ უიზერსპუნი, ლორა დერნი

ფოტო: Allen J. Schaben / Los Angeles Times

რიზ უიზერსპუნმა და ნიკოლ კიდმანმა Big Little Lies-ის მეორე სეზონის თითო ეპიზოდში მილიონი დოლარი მიიღეს. ეს საკმაოდ მაღალი თანხაა, თუმცა მათი პოზიცია გასაგებია, რადგან ორიგინალ კონტრაქტებში მეორე სეზონი გათვალისწინებული არ იყო. ანაზღაურება კი თითო ეპიზოდში $250 000-დან $350 000-მდე მერყეობდა. პირველი სეზონის პოპულარობიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ მეორე სეზონი გაცილებთ დიდი შეთანხმება უნდა გამხდარიყო.

რიზ უიზერსპუნი ამ ყველაფერთან ერთად ეფლის სერიალში The Morning Show-ში ჯენიფერ ენისტონთან ერთად თამაშობს. აქ მათი შემოსავალი თითო ეპიზოდის მიხედვით $1,25 მილიონს შეადგენს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, რაც Big Little Lies-ის ახალი სეზონის კონტრაქტსაც დაეტყო. ბუნებრივია, როდესაც ერთი ვარსკვლავი სერიალის თითო ეპიზოდში მილიონს გამოიმუშავებს ყველას მოთხოვნა იზრდება. ნიკოლ კიდმანიც "მილიონერთა კლუბში" აღმოჩნდა, ზოი კრავიცმა, შეილინ ვუდლიმ და ლორა დერნმა კი კონტრაქტში საკმაოდ დიდი ცვლილება მიიღეს. ეს ყველაფერი ჯამში კი საკმაოდ დიდი თანხაა.

რა თანხა მიიღო მერილ სტრიპმა სერიალის მეორე სეზონისთვის?

ფოტო: HBO

პირველსა და მეორე სეზონებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება მერილ სტრიპის პერსონაჟი, მერი ლუის რაითი იყო. დღესაც კი, როდესაც ტელევიზია პოპულარობის პიკშია, ძალიან ძნელი აღმოჩნდა მერილ სტრიპის სერიალში გამოჩენა. მისი დათანხმება იოლი საქმე არ არის, თუმცა არც იმაში უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ HBO მისი თანხმობისთვის ძალიან ბევრს იმუშავებდა. ყველაფრის მიუხედავად, მერილ სტრიპის ჰონორარი დიდ სიურპრიზს არ წარმოადგენს.

მსახიობმა თითო ეპიზოდში $800 000 მიიღო, რაც 1 მილიონი არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ნიკოლ კიდმანი და რიზ ვიზერსპუნი სერიალის პროდიუსერებიც არიან, მათ ჰონორარებში კი ამ საქმის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია. მერილ სტრიპის შემთხვევაში კი ეს მხოლოდ მსახიობის ხელფასია.

ფოტო: HBO

Big Little Lies-ის ხარჯებში ძალიან ბევრი რამ უცნობია, რადგან სერიალის გადასაღებ ლოკაციებში გადახდილი თანხები საჯარო არ არის. თუმცა ამ სახლების გასაყიდი ფასით თუ ვიმსჯელებთ, იაფი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.

მაგალითად მედელინის (რიზ უიზერსპუნი) და ედ მაკენზის(ადამ სკოტი) სახლი $14,8 მილიონი ღირს. სელესტის (ნიკოლ კიდმანი) ტბისპირა სახლი კი $6 მილიონი. რენატას (ლორა დერნი) და გორდონ კლეინის(ჯეფრი ნორდლინგი) გასაოცარი სახლის ღირებულება $12,4 მილიონია.

ისინი ძალიან მდიდრები არიან და შესაბამისად ძვირიან სახლებშიც ცხოვრობენ.

ამ ყველაფერზე დაკვირვებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რა შეიძლება ჯდებოდეს ამ სახლების ერთად ქირაობა გადაღებებისთვის, თუნდაც საკმაოდ მცირე დროით. მეორე სეზონში კი ამ სახლების ფასები გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა სერიალის დამსახურება იყო. თუმცა სერიალის პროდიუსერებისთვის ეს შეღავათი ნამდვილად არ ყოფილა. ამ ყველაფერთან ერთად კი არსებობს უამრავი ხარჯი, რომელიც სერიალის გადასაღებად არის საჭირო. იმედია მეტ-ნაკლებად შეგექმნათ წარმოდგენა, თუ რატომ ჯდება Little Lies-ის გადაღება ასეთი ძვირი.

ფოტო: Monica Schipper / FilmMagic