თბილისში რუსი კომიკოსისა და მომღერლის, მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება. თავდაპირველად ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა, კონცერტის ორგანიზატორად Tickets Online GROUP არის მითითებული.

კომპანიაში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ თბილისში გალკინის კონცერტი ნამდვილად იგეგმება და ამ კონცერტს ორგანიზებას თავად უწევენ. მათი განცხადებით, ადგილი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, მათივე თქმით, გალკინის კონცერტი 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

საქართველოში რუსი მომღერლებისა და რუსეთში მოღვაწე მუსიკოსების კონცერტებს ყოველთვის თან ახლავს პროტესტი. მიმდინარე წლის ზაფხულში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ბათუმში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა ჯგუფმა A-Studio-მ.

პირველ ივლისს რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსი არტისტების ყოფნა საქართველოში სახიფათოა.