აქცია #სირცხვილიას მონაწილეებს პარლამენტის შენობაში არ უშვებენ. ამ მიზეზით, პარლამენტის შენობასთან აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქტივისტების თქმით, მათ აქვთ საშვები, თუმცა დაცვა შენობაში შესვლის უფლება არ აძლევს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, აქტივისტებზე საშვები პოლიტიკოსებმა დაუშვეს და მათ პარლამენტში შესვლის უფლება აქვთ. მანვე აღნიშნა, რომ პლენარულ დარბაზში თვითონ გააპროტესტებდა იმას, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ. მოგვიანებით, ხმაურის გამო, ევროპული საქართველოს წევრები პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

#სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, დაცვის სამსახურის უფროსმა მათთან საუბრისას თქვა, რომ "საშვების გამშვები პროგრამა გაჭედილია და სისტემური ხარვეზის გამო მოქალაქეებს პარლამენტში ვერ შეუშვებენ."

საპირისპიროს ამტკიცებს პარლამენტის პრესსამსახური. On.ge-სთან საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის გამო შეზღუდვები დაწესდა. ამ მიზეზით, იმ პირებს, რომლებსაც ახალი საშვები აქვთ პარლამენტში არ უშვებენ. რაც შეეხება დეპუტატებს, პრესსამსახურის თქმით, ელენე ხოშტარიას პარლამენტში არ უშვებდნენ, რადგან მას მოქალაქეების შეყვანა სურდა.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას კანდიდატურის პრემიერ-მინისტრად წარდგენას აპროტესტებენ. #სირცხვილიას ორგანიზატორები 76 დღეა მის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, გახარიას პრემიერად წარდგენა საზოგადოების შეურაცხყოფაა. პარლამენტში "უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით" დეპუტატებსა და ჟურნალისტებს არ უშვებდნენ 20 ივნისსაც. მათ შორის იყო On.ge-ს ჟურნალისტიც, რომელსაც პარლამენტის აკრედიტაცია ჰქონდა. პრესსამსახური მაშინ განმარტავდა, რომ მიზეზი "გამკაცრებული უსაფრთხოების" ნორმები იყო.