ნიკა გვარამიას მთავარი არხის ჟურნალისტები გადაღებაზე გავიდნენ. გადაღებაზე, ასევე, გავიდნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებიც.

მთავარი არხი მაუწყებლობის დაწყებას 9 სექტემბერს გეგმავს. რაც შეეხება რუსთავი 2-ის, როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, შემოდგომის სეზონს ძალიან მალე დაიწყებენ.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, ასევე, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა.