საქართველოს გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე უცხოელი ექსპერტების მომზადებულ დასკვნას საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები "აუცილებლად გაეცნობიან".

უწყება გავრცელებულ განცხადებაში არ ადასტურებს იმას, რომ 6 სექტემბერს გაიმართება დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა.

"აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორ პროკურატურა განმარტავს, საქმეში ექსპერტების ჩართულობა პრევენციული ხასიათისაა.

"პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან. ამის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების პირობებში და არც მათი გადაადგილება შეზღუდული, მათ შორის, არც საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში", — აღნიშნავენ პროკურატურაში.

დღეს, 2 სექტემბერს თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურა მათ საქმეზე პასუხისმგებლობის დიპლომატიურ კორპუსზე გადატანაში დაადანაშაულეს. მამუკა ხაზარაძის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. ხაზარაძე ამბობს, რომ დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას.