"მენგ-მენგი დედა გახდა — თანაც, ორჯერ! ბედნიერი და გაკვირვებულები ვართ!", — წერია ბერლინის ზოოპარკის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აქვეა ვიდეოც, რომელიც ღუნღულა დედა პანდას მშობიარობის პროცესში ასახავს და სადაც კარგად ჩანს, რომ ზოოპარკის ბინადარი იშვიათი ტყუპი პანდების მშობელი გახდა.

საქმე ის არის, რომ თითქმის ყოველთვის პანდებს მხოლოდ ერთი ნაშიერი ჰყავთ. ტყუპი პანდების გაჩენის შემთხვევა კი ამ საუკუნეში პირველად დაფიქსირდა.

პირველი პატარა გასულ შაბათს მოევლინა ქვეყანას, მეორე კი ერთი საათის შემდეგ დაიბადა. "მშობიარობამ კარგად ჩაიარა, მენგ-მენგის პატარები სრულიად ჯანმრთელები არიან", — ამბობს ზოოპარკის დირექტორი.

ერთი ახალშობილი პანდას წონა 136, ხოლო მეორესი 186 გრამია. აღსანიშნავია, რომ მათი მშობლები ჩინეთიდან, 2017 წელს ჩამოიყვანეს და მას შემდეგ ისინი ბერლინის ზოოპარკის ბინადრები არიან.