მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სპეციალური გელის გამოყენებით კბილის ემალის აღდგენაა შესაძლებელი. ასეთმა პროდუქტმა, შესაძლოა, ადამიანებს კბილის დაბჟენის საჭიროება თავიდან ააცილოს.

ემალი მყარი, დამცავი ფენაა, ის კბილს ფარავს და მას დაზიანებისგან იცავს. ემალზე პირის ღრუს მჟავა გარემო და ღეჭვა უარყოფით გავლენას ახდენს, ეს ხშირად კბილებში ღრუების გაჩენით სრულდება, რაც ხშირად დაბჟენას საჭიროებს.

დაბჟენისთვის ხშირად გამოიყენება ისეთი მასალები, როგორიც არის მეტალი, ფაიფური ან რეზინა. თვისობრივი განსხვავებულობების გამო ეს ნივთიერებები კბილს სათანადოდ ვერ ემაგრება და ხშირად სძვრება კიდეც.

ამ პრობლემის გადასაჭრელად ჯეძიანის უნივერსიტეტის მეცნიერმა რუიკანგ იანგმა კოლეგებთან ერთად კალციუმისა და ფოსფორის (ემალის მთავარი შემადგენელი ნივთიერებების) შემცველი გელი შექმნა, რომელსაც კბილების ზედაპირზე აღდგენითი პროცესების ინიცირება შეუძლია.

მეცნიერებმა პაციენტებიდან ამოღებულ, მჟავით დაზიანებულ კბილებს გელი წაუსვეს, შემდეგ კი ისინი პირის ღრუს მსგავს გარემოში 48 საათით მოათავსეს.

ამ დროის განმავლობაში გელმა ემალის ახალი ფენის ფორმირების პროცესის სტიმულირება მოახდინა. ახლადგაჩენილი ფენების მიკროსკოპით შესწავლისას კი აღმოჩნდა, რომ წარმოქმნილ გარსებს ნამდვილი ემალის მსგავსად, მოწესრიგებული კრისტალური სტრუქტურა ჰქონდათ.

ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ კბილის ჩამოყალიბებისას, ახლადწარმოქმნილი ემალი იფარება ფენით, რომელშიც კალციუმისა და ფოსფორის ნაწილაკები მოუწესრიგებლადაა მიმოფანტული. სწორედ ამ პროესის მეშვეობით ხდება კბილის სრულად ჩამოყალიბება. გელი კი, სწორედ ამ პროცესის სიმულირებას ახდენს.

გელის ზემოქმედებით წარმოქმნილი ემალის სისქე სულ რაღაც 3 მიკრომეტრი იყო, რაც დაახლოები 400-ჯერ უფრო თხელია, ვიდრე ბუნებრივი ემალი. თუმცა, კვლევის ავტორი აცხადებს, რომ სქელი ფენის მიღება გელის მრავალჯერადი გამოყენებით უნდა იყოს შესაძლებელი.

მეცნიერებს კბილის ემალის "შეკეთება" კალციუმისა და ფოსფორის ნაწილაკების შემცველი გელებით ამ დრომდეც უცდიათ, თუმცა ამ შემთხვევებში ისინი ნარევში ზედმეტად დიდი ზომის ნაწილაკებს იყენებდნენ, რომლებიც კბილის ზედაპირს სათანადოდ ვერ ემაგრებოდა.

ამჟამად გუნდი გელს თაგვებში ცდის და იმედოვნებს, რომ მალე კლინიკური ცდებს ადამიანებშიც ჩაატარებს. თუმცა, აქამდე საჭიროა, რომ გელის სრული უსაფრთხოება დამტკიცდეს და დადასტურდეს, რომ გელი თავისი ფუნქციის შესრულებას ნამდვილი ადამიანის პირის ღრუში, ჭამისა და სმის პარალელურადაც შეძლებს.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.