ქართული ოცნების მმართველობის 7 წელში თანამდებობა 4-მა პრემიერ-მინისტრმა დატოვა. მათ შორის ბოლო მამუკა ბახტაძეა, თუმცა პირველი, რომელმაც საზოგადოებას გადადგომის შესახებ ფეისბუქით ამცნო. მიზეზებზე სხვების მსგავსად არც მას უსაუბრია, თავისი პრემიერ-მინისტრობა 3947-სიტყვიანი განცხადებით შეაფასა და წავიდა ისე, რომ პარლამენტში ერთი წლის ანგარიშის წარდგენაც ვერ მოასწრო.

ქართული ოცნების პრემიერების განცხადებები და მათი წასვლის ისტორიები თითქმის იდენტურია. ისინი ტოვებენ თანამდებობას იმ დროს, როცა საზოგადოებაში პოლიტიკური კრიზისია. ამბობენ, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღეს, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ გადააყენეს.

ვინ რა თქვა თანამდებობის დატოვებისას

მამუკა ბახტაძე — 2018 წლის 20 ივნისი-2019 წლის 2 სექტემბერი

ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ ფეისბუქზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მან ვრცლად მიმოიხილა თავისი პრემიერმინისტრობის პერიოდი და "5 პრინციპი, რომელიც მთავრობის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოაყალიბა". ბახტაძემ, რომელიც ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების მიზნით დააწინაურეს, ერთწლიანი მმართველობა წარმოაჩინა, როგორც წარმატებული, თუმცა არ უთქვამს, რატომ მიდის "წარმატების ზენიტში".

"2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი.

ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები ქართული ოცნების გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს", — დაწერა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი — 2015 წლის 30 დეკემბერი-2018 წლის 13 ივნისი

ფოტო: მთავრობის კანცელარია

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მალევე მას შემდეგ გადადგა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ის ჯერჯერობით ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკა დაუწუნა. მისი წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მმართველი გუნდი მოსახლეობაში ჭარბვალიანობასა და ეკონომიკურ რეფორმების არაეფექტურობას ასახელებდა. თავად კვირიკაშვილმა კი თანამდებობის დატოვებისას ხმამაღლა განაცხადა გუნდში არსებულ დაპირისპირებასა და შეუთანხმებლობაზე. იქამდე კი თავისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ცნობები რამდენჯერმე უარყო.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესაძლებლობაზე რუსთაველის გამზირზე, მოკლული მოზარდების საქმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ილაპარაკა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სკამს მისთვის ფასი არ აქვს, თუმცა გადადგება თუკი ამის აუცილებლობას დაინახავს.

2018 წლის 30 მარტს განაცხადა, რომ გავრცელებული ხმები მისი გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეეფერებოდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი თქმით, პრემიერის გადადგომაზე ტაიმერები ჰქონდათ მომართული დასვენებისკენ მოუწოდა. "ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს", — თქვა კვირიკაშვილმა.

ტაიმერმა ამ განცხადებიდან 13 დღეში დარეკა. 2018 წლის 12 ივნისს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გიორგი კვირიკაშვილის გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ. ეს ინფორმაცია პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა უარყვეს და თქვენს, რომ შეხვედრაზე Unicef-ის კვლევა განიხილეს. ამ განცხადებიდან მეორე დღეს კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საჯაროდ განაცხადა:

"იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია.

ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცალა. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს თანამდებობას".

ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილზე

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაგვიანებული რეგულაციების გამო დაბალი ფენის წარმომადგენლები იღებდნენ კრედიტებს, რომლებსაც ვეღარ იხდიდა და ამის გამო პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაისაჯა.

"რეაქცია იმაზე, რომ [გიორგი] კვირიკაშვილმა და [დიმიტრი] ქუმსიშვილმა დააგვიანეს რეგლამენტაცია, ამის გულისთვის მას მოუწია თანამდებობის დატოვება, არც თუ ისე დიდი დანაშაული ჩაუდენია", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ ყოფილ პრემიერს აღარ შეეძლო მართვა და მთავრობის ნდობა აღარ ჰქონდა. ივანიშვილის განცხადებითვე, კვირიკაშვილი გუნდურ მმართველობას ვერ ახერხებდა პრინციპული საკითხების შეჯერებას მხოლოდ ქუმსიშვილსა და ალავიძესთან ახერხებდა.

"მანაც და მთელმა გუნდა დაინახა, რომ არ ჰქონდა რესურსი მართვის და აღარ ჰქონდა ნდობა პარლამენტში და მთავრობაში. მას არ დარჩა არჩევანი ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კვირიკაშვილს კრიტიკული კითხვები დაუსვა და საუბარი სამ საათს გაგრძელდა, რა დროსაც ყოფილი პრემიერი რამდენჯერმე საპირისპირო აზრით გამოვიდა. ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შორის ბალანსს კვირიკაშვილი არღვევდა.

"საქართველოში ეკონომიკური ზრდა არა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, არამედ მოქმედი პრემიერის, მამუკა ბახტაძის დამსახურებაა. ოცნების მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მაისში დაფიქსირდა, როცა პრემიერი კვირიკაშვილი იყო, ბახტაძე კი - ფინანსთა მინისტრი.

თუ ვინმეს აქვს განსაკუთრებული წვლილი დავასახელებ ბახტაძეს და არა კვირიკაშვილს. მოგების გადასახადის გაუქმება, მაგრამ იმ ფორმით როგორი ფორმითაც მან შემოგვთავაზა დაანგრევდა ბიუჯეტს. უკუეფექტს მივიღებდით", — განაცხადა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, კვირიკაშვილის საქართველოს თავისუფალ ვაჭრობაში განსაკუთრებული არა, თუმცა, რაღაც წვლილი ჰქონდა.

ირაკლი ღარიბაშვილი — 2013 წლის 20 ნოემბერი-2015 წლის 30 დეკემბერი

ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი / Facebook

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე დატოვა. გადადგომამდე ორი დღით ადრე პრემიერის პოსტზე მყოფმა ღარიბაშვილმა მთავრობის 3-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობის საქმიანობა ძალიან წარმატებული იყო ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. თუმცა ამ განცხადებიდან ზუსტად 2 დღეში წარმატებული პრემიერი "საკუთარი ნებით" გადადგა და მიზეზის ახსნა არც უცდია.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს ჟურნალისტები არ დასწრებიან. ყოფილი პრემიერის გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო. ის ჯერ ორ საათზე იყო დაანონსებული, შემდეგ ექვსზე, საბოლოოდ კი გადადგომის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა საღამოს 8 საათზე გააკეთა.

"ძვირფასო თანამემამულენო, ყველა ადამიანს აქვს არჩევანის საშუალება. დღემდე ჩემი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როცა ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნა თუ კარიერის არჩევა. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხიმგებლობა ერის წინაშე. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა. მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი — თავისუფლება და ღირსება. ჩვენი მასშტაბური რეფორმებით შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს - გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, რითაც შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.

დღეს ისე როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში. მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოლიტიკური გავლენისა და პოპულარობის ზენიტში მყოფმა მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი, როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე - დროული წასვლით თანამდებობიდან. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შს მინისტრობა, თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ძვირფას ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება დაიწყო სწორედ ჩვენმა გუნდმა. ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს რა მაგალითს დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებითი ჩემი ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტროს თანამდებობა. ახალა, როცა გამყარებულია საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ძვირფასს ხალხს. მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს, მათი თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ნუნუკას. ასევე ჩემს შვილებს, ნიკოლოზს, ანდრიასა და გაბრიელს, ნუნუკას თანადგომის გარეშე მე ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე, ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური. ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო. ეკონომიკურად წელში გამართული ხალხი. ამიტომ მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისჯაცად. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი, ქართველი ერის მფარველი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხზე მას და ღარიბაშვილს ჰქონდათ კონსულტაციები. მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან თავისი წარმატებების პიკზე მყოფი წავიდა:

”მე ვერ ვხედავ და არ ვიცი პრობლემები, რომლებსაც ირაკლიმ თავი ვერ გაართვა. თუ მოკლედ ვიტყვით, კარგი პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მე ვიტყოდი, რომ ის წავიდა თავისი წარმატების პიკზე. თავისი წარმატებების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება, ისევე როგორც მე. გუნდის ძალიან ბევრი წევრი იყო დაბნეული, რამეთუ არ იყვნენ ინფორმირებულნი. მე და ირაკლის გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. დროსთან დაკავშირებით ვიყავით განსხვავებულნი. ირაკლიმ იჩქარა ბოლო დროს. შეიძლებოდა, ეს უფრო გვიანაც მომხდარიყო. გულწრფელად, რომ იტყვიან ”დაიხარჯე ბოლომდე”, იმოღვაწევა და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმატების ზენიტში მოახერხა და დატოვა ხელისუფლება. დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ ძალიან ბევრნი და ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზიც და მიზანიც მისი წასვლის".

ბიძინა ივანიშვილი — 2012 წლის 25 ოქტომბერი-2013 წლის 20 ნოემბერი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2012 წელს არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ დაიკავა. 2013 წელს ქართული ოცნების ყრილობაზე, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ახალი პოლიტსაბჭო აირჩიეს, ბიძინა ივანიშვილმა დასამშვიდობებელი სიტყვით მიმართა და თავისი პოლიტიკაში საქმიანობა შეაფასა. მან თქვა, რომ მიდიოდა პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა "თუ რამე უბედურება მოხდებოდა".

"ორი წლის წინ მე მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო ნაწილი. ხელისუფლებაში მოვიყვანე დემოკრატიული ძალები და ჩამოვაყალიბე საუკეთესო გუნდი. მე შევასრულე დანაპირები, საქართველო თავისუფალია მოძალადე ხელისუფლებისგან., სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისგან, საქართველოს ყავს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება, საქართველოს ყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია, საქართველოს ყავს პრემიერ-მინისტრი მთავრობასთან ერთად, რომელიც დარწმუნებული ვარ, ფეხზე დააყენებს ქვეყანას, ეს იყო ჩემი ამოცანა და ეს ამოცანა შევასრულე, ამიტომ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდანაც მივდივარ.

ამ ერთ წელიწადში საოცრება მოვახდინეთ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ევროპული ღირებულებების ერი ვართ და რომ გვინდა ჩვენი სახელმწიფო ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ.

ამ ერთ წელიწადში დავამსხვრიეთ მითი, რომ ნაციონალების წასვლით საქართველო ზურგს აქცევდა ევროპას, დაინგრეოდა ქვეყანა და დემოკრატია დასამარდებოდა. ყველა, ჩვენთანაც და დასავლეთშიც, კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ტყუილი, ყველა დარწმუნდა, რომ დემოკრატია ამ 9 წლის განმავლობაში იყო მოჩვენებითი და დემოკრატიულ მიღწევებზე საუბარი მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ახვევას ემსახურებოდა.

ეს უნდა იყოს პარტია, რომლისთვისაც ხელისუფლებაში ყოფნა იქნება მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ხალხისა და ქვეყნის წინაშე. მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მმართველი პარტია, როგორ უნდა მოუსმინოს ხალხს, რადგან ხალხის მონაწილეობის გარეშე არ უნდა წყდებოდეს მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი, ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია ქვეყნის მართვაში მონაწილეობა.

დღეიდან მე თქვენს წინაშე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მე მივდივარ პოლიტიკიდან და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. არ არსებობს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერება, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, შენი საზოგადოების რიგითი წევრი. მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სწორედ სამოქალაქო პოზიციიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი საზოგადოებაში ყოფნა მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. მე გაძლევთ პირობას, რომ სულ ცოტა 20 წელი ჩემს ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას მოვახმარ ჩემი ქვეყნის ფეხზე დაყენებას.

როცა საზოგადოება ძლიერია, სწორედ მაშინ არის ის ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა. ეს არის ჩემი ქართული ოცნება".