საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, 2 სექტემბერს მხოლოდ ტოქ-შოუების წამყვანებთან ისაუბრებს. შეხვედრა ტექნოპარკში 15:00-ზეა ჩანიშნული.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში შეხვედრის თემაზე ოფიციალურად არ საუბრობენ. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებაზე განაცხადებს, რის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს მთავრობა და მისი წარმომადგენლები ტელევიზიას სხვა მედიაპლატფორმებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა გამოიყენა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, როცა 20-21 ივნისის მოვლენებზე სასაუბროდ სამინისტროში მხოლოდ ტოკ-შოუების წამყვანები მიიწვია და გუგუტიანთკარშიც გააგრძელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ონლაინმედიის წარმომადგენლებს გუგუტიანთკარში არ უშვებდა, სადაც უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს. უწყება ამ გადაწყვეტილებას "უსაფრთხოების კონტროლით" ხსნიდა. გუგუტიანთკარში მუშაობა ნებადართული იყო ტელევიზიებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის. შსს არ ზღუდავდა არც ტელევიზიების ფოტოგრაფების ადგილზე შეშვებას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდა. საბჭო აცხადებს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას.

"ონლაინგამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და ხშირად პირველები სწორედ ისინი ავრცლებენ ამბებს. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს ყოველწიურად იზრდება", — წერია განცხადებაში.

სამთავრობო ცვლილებები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება.

დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე მმართველი გუნდის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის 2 სექტემბრის სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტეს, ვის შეეხება ცვლილება.

"ამ თემაზე მსჯელობა იყო, ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება პოლიტსაბჭოზე, მაგრამ ხვალ უკვე დილით გეცოდინებათ, დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ. შესაბამის განცხადებას გააკეთებას მამუკა ბახტაძე", — თქვა ვოლსკიმ.