"მინდა, პოლიტიკოსებს ვთხოვო, თავი შეიკავონ რთველის პოლიტიზებისგან და რთველთან მიმართებით პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან", — ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და რთველის შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ ინტერპრესნიუსთან განაცხადა. ის ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კახეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე თქვა, რომ მთავრობამ 6 თვეში 735 მლნ ლარი დახარჯა პრემიასა და დანამატზე, ხოლო რთველის დასაფინანსებლად 30 მლნ ლარი ვერ გამოყო.

ლევან მეხუზლა ამბობს, რომ საქართველოში რთველი იმ დონეზეა, ხელახლა სუბსიდირება გაუგებარი და გაუმართლებელი იქნება.

"ამ დარგს უკვე აქვს უნარი, რომ სრულად შეინახოს თავისი თავი, ეს არის ჩვენი პოზიცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოში ალბათ, არსებობს სხვა პრიორიტეტები და ისეთი დარგები, რომელიც ფეხზეა დასაყენებელი და სადაც უფრო უპრიანია თანხების ხარჯვა. ეს დარგი 2012-2013 წლიდან სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, მათ შორის, მარკეტინგული პროგრამების საშუალებით უკვე იმ დონეზეა, რომ ხელახლა სუბსიდირებით ჩარევა, ჩემი აზრით, სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელია", — თქვა მან.