სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ირწმუნება, რომ სოფელ წნელისთან საქართველოს პოლიციის ყოფნით შექმნილი მდგომარეობის გამო "რესპუბლიკაში" სიტუაციის დაძაბვა დაიწყეს. ის ამ ქმედებაში Facebook-მომხმარებლების ნაწილსა და "ხელისუფლებისგან განაწყენებულ" ადამიანებს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება", — დასძენს ე.წ. პრეზიდენტი.

მისი თქმით, ჭორია, რომ მან რეგიონიდან ოჯახი გაიყვანა. მისი მტკიცებით, მისი ოჯახის ყველა წევრი ადგილზეა, გამონაკლისია უფროსი შვილი, რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით გაემგზავრა. ის დასძენს, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა და მათ მესაზღვრეები იცავენ.

ოსურმა მხარემ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცა. ეს ულტიმატუმი ქართულმა მხარემ არ შეასრულა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებდა, რომ ოსური მხარისგან ულტიმატუმის პათოსით საუბარი [საგუშაგოს დაშლაზე] გაუგებარი და "კატეგორიულად მიუღებელია".

საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ოსური მხარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგოს აშენებას აპირებს.