პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე მსოფლიო თასში მონაწილეობაზე დათანხმდა. მისივე განმარტებით, საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად გორგოძის კლუბთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე", — აღნიშნა პრემიერმა ფეისბუქზე.

მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს განაცხადა. ამჟამად ის ფრანგულ კლუბ ტულონში თამაშობს. მან დაუდასტურა პირველ არხს, რომ ნაკრებში რჩება და მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

რაგბის რიგით მე–9 მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება. ტურნირის არსებობის მანძილზე ეს აზიაში გამართული პირველი ჩემპიონატი იქნება.