პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც 1 ლარად შეიძენენ. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა.

პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, იგივე შეღავათი ვრცელდება სოციალურად დაუცველ, ასაკით პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებსა და ომის ვეტერანებზე.