თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ წვევამდელთა გამწვევი კომისიის სხდომიდან 30 აგვისტოს ფეისბუქზე პირდაპირი ეთერი გაუშვა, სადაც ჩანს, რომ გირჩის მღვდელმსახურს დეზერტირს ეძახიან და სამხედრო სამსახურის გადავადებაზე უარს ეუბნებიან. კომისიის სხდომას ხუთი პირი ესწრებოდა და მას თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური თავმჯდომარეობდა.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ დავით ოთარაშვილი ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური 27 აგვისტოს გახდა და ჯარში წასვლის გადავადებას ამ მიზეზით ითხოვდა. სანამ დავით ოთარაშვილი ოთახში შევიდოდა, თამაზ მეჭიაურმა იკითხა თუ როგორ მიემართათ მისთვის.

"წესი როგორი არის? მამაო თუ როგორ არის?" — რაზეც უპასუხეს, რომ პირი მღვდელმსახურია და, ალბათ, "მამაოთი უნდა მიმართონ".

მას შემდეგ, რაც ოთარაშვილი კომისიის ოთახში შევიდა, თამაზ მეჭიაურმა არაერთი კითხვა დასვა, რასაც დამამცირებელი შეფასებებიც მოჰყვა:

თამაზ მეჭიაური: სად აღიკვეცეთ?

დავით ოთარაშვილი: არ აღკვეცილვარ...

მეჭიაური: აბა, მღვდელი როგორ გახდი?

ოთარაშვილი: მივედი და საბუთი მომცეს, გადავადება მინდოდა ჯარის.

მეჭიაური: გადავადება გინდოდა? აბა, მღვდელი ვარო?

ოთარაშვილი: ეგ საბუთი იქ მომცეს...

მეჭიაური: მღვდელი თუ ხართ, სადღაც ხომ უნდა წირავდეთ?

ოთარაშვილი: ხო, მაგრამ ეგრე არ ეწირება?

მეჭიაური: სადღაც ხომ წირავთ, არა? სად აღიკვეცეთ?

ოთარაშვილი: არსად არ აღკვეცილვარ.

მეჭიაური: აბა, როგორი მღვდელი ხარ, თუ არსად არ აღკვეცილხარ?

ოთარაშვილი: მღვდელიც არა ვარ, ეგ საბუთი მინდოდა უბრალოდ, რომ...

მეჭიაური: ანუ დეზერტირი ხართ?

ოთარაშვილი: არა, რა დეზერტირი...

მეჭიაური: აბა, სხვა რა არის, თუ არაფერი არ... ჯარში არ მიდიხართ, გინდა, რომ სხვამ იმსახუროს თქვენ მაგივრად, სამშობლო სხვამ დაიცვას და მოგაქვთ საბუთი მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არ წახვიდე, აბა, სხვა რა ხართ?

ოთარაშვილი: დროებით მინდა გადავადება, თორემ...

მეჭიაური: არა, დროებით გადავადების წესი სხვა არსებობს...

ოთარაშვილი: მე პირველი ხომ არ ვარ...

მეჭიაური: პირველია თუ არა ყველამ თავისი მოიკითხოს. მინდა ვთქვა, რომ ამაში ხელისუფლებაც დამნაშავეა იმიტომ, რომ მისცა საშუალება დეზერტირებს ამოფარებოდნენ მღვდელმსახურებას და სხვისი შვილების ხარჯზე თვითონ წამოწოლილები ყოფილიყვნენ. უნდა იბრძოლონ სხვებმა და ერთეულები კიდევ ისხდნენ აქ და დაგვცინოდნენ. დაგვცინიან, აბა, სხვა რა არის?!

ამის შემდეგ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ "დეზერტირობას ხელს ვერ შეუწყობს" და დავით ოთარაშვილს გადავადებას არ მისცემს.

"ასეთი იმით ვერ. რაღაც სხვა არგუმენტით რომ მოსულიყო, რომ ქვეყნის სამსახურიც უნდა, კუთხის სამსახურიც და, უბრალოდ, რაღაც მიზეზების გამო თვლის, რომ სხვაგან უფრო გამოადგეს ქვეყანას, გასაგებია", — თქვა მეჭიაურმა.

დავით ოთარაშვილი გირჩის მღვდელმსახურობის გამო გააკრიტიკეს კომისიის სხვა წევრებმაც. კომისიის კოორდინატორმა თქვა, რომ ოთარაშვილს უნდა ეთხოვა და დაესაბუთებინა, თუ რატომ ვერ მიდიოდა ჯარში და "იქნებ, ეს უფრო გამართლებული" ყოფილიყო.

On.ge დაუკავშირდა თამაზ მეჭიაურს და ჰკითხა, იცოდა თუ არა დავით ოთარაშვილმა სხდომის პირდაპირი ეთერის შესახებ და ხომ არ დაირღვა ამით მისი უფლებები.

"მას ვინ ეკითხება, უნდოდა თუ არ უნდოდა?.. განცხადება კანცელარიით იყო შემოსული და გაიარა მთელი სამსახური. ჩვენს სხდომებს ან პირდაპირი გადავცემთ, ან ჩანაწერს ყოველთვის ვაკეთებთ. ვუშვებთ ჩვენი სათათბიროებიდან პირდაპირ ეთერებს, პირიქით, გამჭვირვალობა არის", — აღნიშნა მეჭიაურმა.

რეგიონებში არსებულ გამწვევ სამსახურებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კოორდინირებს. როგორც სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, კომისიის პირდაპირ ეთერში გაშვების პრეცედენტი აქამდე არ ჰქონიათ. ამასთანავე, სამინისტროში განმარტეს, რომ პირს, რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაზე უარი უთხრეს, სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია.