ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, დევნილები, რომლებიც კერძო საკუთრებაში შეიჭრებიან შემწეობასა და ბინები აღარ გადაეცემათ. როგორც მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, ბოლო დროს საეჭვოდ გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებითა და ხელშეწყობითაც დევნილთა გარკვეული ჯგუფები იჭრებიან კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში.

მისივე თქმით, #320-ე ბრძანებაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ მოხდება იმ ოჯახების, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე მოუწოდებს დევნილ მოსახლეობას, პროვოკაციას არ აჰყვეს.

"გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმედებისგან და დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ ბინების განაწილების პროცესი წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად", — განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.