#სირცხვილიას აქტივისტებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საპროტესტო ბანერები გაშალეს. ერთ-ერთი აქტივისტი, თამარ კაკაბაძე ითხოვდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს 20 ივნისის მოვლენებზე პოზიცია დაეფიქსირებინა. ამის საპასუხოდ სოფო კილაძემ განაცხადა, რომ თამარ კაკაბაძე ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას თანაშემწეა.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა კი ელენე ხოშტარია რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს დაუკავშირა.

"ელენე ხოშტარია სად სწავლობდა? მგიმოში [საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი]. სად არის მგიმო? მოსკოვში. გავრილოვი საიდან იყო?.. ისე საინტერესოა, გავრილოვის ჩამოსვლაზე მე არაფერი ვიცოდი. გავრილოვი ისე ავიდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ელენე ხოშტარია საქართველოს დროშით ზუსტად ორ წამში იქ გაჩნდა", — აღნიშნა ზარდიაშვილმა. ანრი ოხანაშვილმა კი რეპლიკის სახით დააკონკრეტა: "ძალიან ოპერატიულად".