საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში სიტუაცია მიუღებელია. ჰარცელის თქმით, მიუღებელია ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შეიარაღებული პირების სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა.

"ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოიყენებს თავის გავლენას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს", — წერს ევროკავშირის ელჩი ტვიტერზე.

გუშინ, 29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მათ ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს აღება და პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს. შეხვედრა კი "ქართული მხარის მიერ კონსტრუქციულ დიალოგზე არწასვლის" გამო დატოვეს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ ოსური მხარისგან ულტიმატუმის პათოსით საუბარი [საგუშაგოს დაშლაზე] გაუგებარი და "კატეგორიულად მიუღებელია". მისივე თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან არსებული ტერიტორია 2008 წლის ომამდეც და მის შემდეგაც მიიჩნეოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიად.

ამავე თემაზე: