სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციის წარმომადგენელის, ეგორ კოჩიევის განცხადებით, მათ ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს აღება და პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს. შეხვედრა კი "ქართული მხარის მიერ კონსტრუქციულ დიალოგზე არწასვლის" გამო დატოვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს. მისივე განცხადებით, სოფელ ჩორჩანას საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პოსტია, პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით, რომელიც მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

"შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას", — თქვა ანთაძემ.

გუშინ, 28 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ეს საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განეხილათ, თუმცა, სუს-ის წარმომადენლის ინფორმაციით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.