2004 წელს რუსთავი 2-ის დამფუძნებლებისთვის, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისთვის ტელევიზიის იძულებით გასხვისების საქმეზე პასუხისგებაში არავინ მიეცემა. ამის შესახებ დამფუძნებლების მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილითა და მიღებული პასუხით ირკვევა, რომელიც დვალმა On.ge-ს მიაწოდა.

დამფუძნებლებმა პროკურატურას კითხვით მას შემდეგ მიმართეს, რაც საგამოძიებო უწყებამ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. აქიმიძე და დვალი დაინტერესდნენ დანაშაულის ჩადენიდან 15 წლის გასვლის შემდეგ შესაძლებელია თუ არა, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ დანაშაულის ჩამდენი პირები.

"საქმეზე კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს", — აცნობა პროკურატურამ დაზარალებულ მხარეს.

აქიმიძე და დვალი წერილში პროკურატურას ახსენებდნენ, რომ საგამოძიებო უწყებამ ისინი წინა ხელისუფლების წარმოამდგენლებისგან დაზარალებულებად 2015 წლის 14 თებერვალს გამოაცხადა, თუმცა, ამ დრომდე ბრალი არავის წაუყენა.

რუსთავი 2-ის საქმე

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 2012 წელს დაიწყეს სამართლებრივ ბრძოლას რუსთავი2-ის 60 პროცენტიანი წილის სასამართლოს გზით დაბრუნებისთვის.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 1994 წელის 4 მარტს, შპს შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსის სახელით ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და ეროსი კიწმარიშვილმა დააფუძნეს. მას მერე კომპანიის მფლობელები დაახლოებით 20-ჯერ შეიცვალნენ. აქიმიძე და დვალი აცხადებენ, რომ მათ არხი იძულებით დაათმობინეს და პროკურატურას შესაბამისი ჩვენებები აქვს.