ფორმულა კრეატივის ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ მიაწოდა.

მისი თქმით, მაუწყებლობის დაწყების ზუსტი დრო ცნობილი არაა, თუმცა ეცდებიან, რომ ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავიდნენ.

ფორმულა კრეატივმა მაუწყებლობის უფლების მისაღებად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 13 აგვისტოს მიმართა, თუმცა შევსებულ დოკუმენტებში ხარვეზი დაუდგინდა და გამოსასწორებლად ვადა მისცეს.

ფორმულა კრეატივმა არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.

ამავე თემაზე: ფორმულა კრეატივის ტელევიზიას "ფორმულა" ერქმევა