რაგბის მსოფლიო თასში საქართველოს ნაკრების მონაწილეობასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გაომუშვა.

მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული მონეტების დიზაინის თვალსაზრისით.

მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა და მათი დიზაინი იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლის მონეტაზე გამოყენებულია ფერი. ვერცხლის მონეტის ღირებულება 75 ლარია და ჯამში სამი ათასი ცალია გამოშვებული. ოქროს მონეტა კი 1 500 ლარი ღირს და სულ ასი ცალია მოჭრილი.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი — საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო; რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე, "2019" და "5 ლარი".

რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის, ლელობურთის საწყისი მომენტი — ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები "ლელო", "LELO", "Georgia", "საქართველო".

მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 29 აგვისტოდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით.

ფოტო: ეროვნული ბანკი