BBC-ის ცნობით, დეპუტატების შვებულებიდან დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში და ბრექსიტამდე რამდენიმე კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას შეაჩერებს. დედოფალმა მთავრობას ნება დართო, შეაჩეროს პარლამენტის მუშაობა არაუგვიანეს 12 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე.

პრემიერ ბორის ჯონსონის განცხადებით, დედოფლის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის მუშაობის შეჩერების შემდეგ, 14 ოქტომბერს შედგება, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატებს არ რჩებათ დრო, მიიღონ რაიმე კანონი, რაც შეთანხმების გარეშე ბრექსიტს შეუშლის ხელს.

თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერქოუ ამ ნაბიჯს "კონსტიტუციის შეუაცხყოფას" უწოდებს. მისი თქმით, აშკარაა, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების მიზანი, ბრექსიტზე დებატების ჩახშობაა.

თემთა პალატის ლიდერი ჯეიკომ რის-მოგი, რომელიც დედოფალთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ ყველაფერი ჯდება კონსტიტუციურ პროცედურებში.

პარლამენტის მუშაობის შეჩერება დიდი ბრიტანეთში და პარლამენტის დათხოვნისგან განსხვავდება. BBC-ის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მცირე ხნით მუშაობას ყოველწლიურად აჩერებს, ძირითადად აპრილში ან მაისში. ამ პერიოდში სრულად ჩერდება საკანონმდელო მუშაობა. მინისტრები და პარლამენტარები თავიანთ პოსტებს ინარჩუნებენ, თუმცა პარლამენტში განხილვები და კენჭისყრები არ ტარდება. თეორიულად პრემიერ-მინისტრს შეუძლია პარლამენტის მუშაობის შეჩერებას მიაღწიოს და ამ დროს დეპუტატები ვერაფერს გააწყობენ. ასეთ დროს გადაწყვეტილებას დედოფალი იღებს.