შეილინ ვუდლი რობერტ დე ნიროსა და შაია ლაბაფთან ერთად ფილმში After Exile ითამაშებს.

ლაბაფი ყოფილი პატიმარის როლს შეასრულებს, რომელიც ციხეში ძარცვისა და უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისთვის მოხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის თავის ძველ ცხოვრებასა და მამას უნდა დაუბრუნდეს, რათა საკუთარი უმცროსი ძმა ძალადობას, ნარკოტიკსა და კრიმინალს გაარიდოს. მამის როლს რობერტ დე ნირო ასრულებს, რომელიც ასევე ყოფილი პატიმარია და ალკოჰოლიზმითა და დანაშაულის გრძნობით იტანჯება.

ვუდლი ქალის როლს შეასრულებს, რომელიც ლაბაფის გმირთან ერთად გაიზარდა და მასთან პრობლემური ურთიერთობით იტანჯებოდა. ლაბაფის ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, ის მათი ურთიერთობის გაკეთილშობილებას ცდილობს. ფილმის გადაღება ნოემბერში დაიწყება, გადასაღები ლოკაცია კი ფილადელფია იქნება.

ფილმს ჯოშუა მაიკლ სტერნი გადაიღებს, სცენარის ავტორები კი ენტონი სორნი და მაიკლს ტოვო არიან.