დიდი ბრიტანეთის მთავრობა დედოფალს სთხოვს, რომ მან პარლამენტის მუშაობა შეაჩეროს. ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც პარლამენტარები შვებულებიდან დაბრუნდებიან და ბრექსიტამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩება. ამავე დროს, 14 ოქტომბრისთვის გადაიდება პარლამენტში დედოფლის მიმართვა.

როგორც BBC-სი პოლიტიკური მიმომხილველი, ლორა კიუნსბერგი ამბობს, ამ ნაბიჯმა შესაძლოა, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, რადგან დეპუტატები ბრექსიტის პროცესში სრულყოფილად მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ამავე დროს, პარლამენტის წევრებს არ დარჩებათ დრო იმისთვის, რომ მიიღონ რაიმე კანონი, რომელიც შეთანხმების გარეშე ბრექსიტს შეუშლის ხელს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერება ე.წ. მკაცრი ბრექსიტის სურვილს არ უკავშირდება. მან, ასევე, აღნიშნა, რომ არ აპირებს ბრექსიტს დაელოდოს, რათა ქვეყანა წინ წაიყვანოს. ის ამტკიცებს, პარლამენტარებს სამსჯელოდ საკმარისი დრო ექნებათ.

პარლამენტის ლეიბორისტმა წევრმა, ტომ უოტსონმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჯონსონის მიმართვა დედოფლისადმი დემოკრატიის შეურაცხყოფაა. შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტერჯენი კი აცხადებს, რომ პარლამენტარებმა მთავრობა უნდა შეაჩერონ, რადგან "დღევანდელი დღე ისტორიაში შევა, როგორც ბრიტანული დემოკრატიის შავი დღე".

პარლამენტის მუშაობის შეჩერება პარლამენტის დათხოვნისგან განსხვავდება. BBC-ის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მცირე ხნით მუშაობას ყოველწლიურად აჩერებს, ძირითადად აპრილში ან მაისში. ამ პერიოდში სრულად ჩერდება საკანონმდელო მუშაობა. მინისტრები და პარლამენტარები თავიანთ პოსტებს ინარჩუნებენ, თუმცა პარლამენტში განხილვები და კენჭისყრები არ ტარდება. თეორიულად პრემიერ-მინისტრს შეუძლია პარლამენტის მუშაობის შეჩერებას მიაღწიოს და ამ დროს დეპუტატები ვერაფერს გააწყობენ. ასეთ დროს გადაწყვეტილებას დედოფალი იღებს.