გადაცემა კომედი შოუს მსახიობებმა, თათია სულუაშვილმა და ვასო ფხაკაძემ რუსთავი 2 დატოვეს. თათია სულუაშვილის ინფორმაციით, ის ნიკა გვარამიას მთავარ არხზე გადადის. რაც შეეხება ვასო ფხაკაძეს, სავარაუდოდ, ისიც მთავარ არხს შეუერთდება.

დღეს, 27 აგვისტოს კომედი ჯგუფის ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი რუსთავი 2-ში რჩებიან. მათ შორის არიან მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე, ალეკო მალხაზიშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი და 20-მდე მსახიობი.

ტელევიზიის დატოვების შესახებ გუშინ, 26 აგვისტოს განაცხადეს ვანოს შოუს წამყვანმა, ვანო ჯავახიშვილმა და გადაცემის მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელმა, თამუნა ლეკვეიშვილმა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, ასევე, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა, ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეშვილმა და რეგიონის ჟურნალისტებმა. კომედი ჯგუფის ნაწილი კი რუსთავი 2-ში დარჩა.