TV პირველის მფლობელის მამა, ავთო წერეთელი ამბობს, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომელიც 180 ლარს შეადგენს. ავთო წერეთელმა ამის შესახებ სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიება განიხილება.

"ოჯახს ვთხოვ ფულს, თუ მჭირდება", — განაცხადა წერეთელმა.

ამასთანავე, მოსამართლემ წერეთელს ოჯახის შემოსავალზეც იკითხა.

"ჩვენს ოჯახს აქვს ბიზნესი TV პირველი. მისი შემოსავალი 10 ათასი ლარიც არ იქნება", — უპასუხა ავთო წერეთელმა.

დღეს, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლო ფულის გათეთრების ხელშეწყობაში ბრალდებული ავთო წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. პროკურატურა ბრალდებულისთვის ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ავთო წერეთელი ამბობს, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა და ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

"ბანკიდან აღებული კრედიტი არის თეთრი ფული. მე ხომ არ წავსულვარ და არ ამიღია რაღაც შავი ფული? ოფიციალურად მოხდა გადარიცხვა და ყველაფერი. ეს არ არის ჩემი მოგონილი. თუ ასეთი შესაძლებლობები მაქვს მე როგორც ამბობთ, 500 ათასი გამაჩერებს? თუ არ გავიქცევი ისედაც არ გავიქცევი, თუ გავიქცევი ისედაც გავიქცევი. ეს არავის არ დააკავებს, არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს. დამნაშავე არ ვარ. იმიტომ ჩამოვედი დღეს... იმ დროს, როცა ომი იყო და უბედურება, მარტო ავთო წერეთელს შეჰქონდა ბიუჯეტში ფული. არსებობს რაღაც, რაც არ უნდა იკადრო თუ გინდა, ბიზნესმენი იყო და ასეა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ჩვენ დიდი ხნის პარტნიორები ვართ. ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ", — განაცხადა ავთო წერეთელმა სხდომაზე.