აშშ-ს საჰაერო ძალების კოსმოსურმა თვითმფრინავმა, Boeing X-37B-მა გუშინ რეკორდი მოხსნა. დღეის მონაცემებით X-37B უკვე 719-ე დღეა ორბიტაზეა.

მიუხედავად ხანგრძლივი დროისა, ჩვენ კვლავ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ როდის დაბრუნდება ის დედამიწაზე, ან თუ რა მისიას ასრულებს ხომალდი ორბიტაზე. X-37B-ის მისიის შესახებ ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.

"X-37B ორბიტალური საცდელი ხომალდი, შემოკლებით OTV, ექსპერიმენტალური პროგრამაა, რომლის მიზანიც აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის სანდო, მრავალჯერადი, უპილოტო საექსპერიმენტო პლატფორმის შექმნაა. X-37B-ს ორი მთავარი მიზანი აქვს: მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების ტექნოლოგიის განვითარება და ორბიტაზე ჩატარებული ექსპერიმენტების უკან, დედამიწაზე შესამოწმებლად დაბრუნება. ბრძანების შემთხვევაში OTV დედამიწის ატმოსფეროში ავტომატურად შემოდის და დასაფრენ ბილიკზე ეშვება. აღსანიშნავია, რომ X-37B-ს ორბიტაზე დარჩენა ბევრად უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ხომალდს", — ნათქვამია აშშ-ს საჰაერო ძალების ვებგვერდზე.

ეს X-37B-ს ორბიტაზე ყოფნის პირველი შემთხვევა არ არის. ჯამში ხომალდს ოთხი მისია აქვს განხორციელებული. თუმცა, ეს უკანასკნელი, რომელიც 2017 წლის 7 სექტემბერს გაეშვა სხვებისგან განსხვავებულია.

პირველ ოთხ შემთხვევაში კოსმოსური თვითმფრინავი ორბიტაზე რაკეტა Atlas 5-ის საშუალებით, კალიფორნიიდან გადიოდა. ამჟამინდელი მისია კი ორბიტაზე ფლორიდიდან, SpaceX-ის Falcon 9-ით გაეშვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი მომდევნო მისიის დროს X-37B ორბიტაზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა. ამით, შესაძლოა, საჰაერო ძალები ხომალდის გამძლეობას ცდიდნენ.

აშშ-ს საჰაერო ძალების მფლობელობაში ამჟამად მინიმუმ ორი X-37B-ა, ორივე მათგანი Boeing-ის მიერაა შექმნილი. ხომალდი ნასას კოსმოსურ შატლს წააგავს, თუმცა ის ზომაში ბევრად პატარაა. შედარებისთვის, X-37B კოსმოსური შატლის სატვირთო განყოფილებაში სრულად ჩაეტეოდა.