ოსკარის, ემის, ოქროს გლობუსისა და სხვა უამრავი ჯილდოს მფლობელი მსახიობი ვაიოლა დევისი Showtime-ის სერიალში, First Ladies, აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას განასახიერებს.

54 წლის მსახიობი სიახლეს ინსტაგრამზე გამოეხმაურა:

"ამაყი ვარ, რომ ამ საოცარ, მამაც ქალებს ვუერთდები".

სერიალის პირველი სეზონის სიუჟეტი ამერიკის პრეზიდენტების, ფრანკლინ რუზველტის, ჯერალდ ფორდის და ბარაკ ობამას ცოლების, ელეონორა რუზველტის, ბეტი ფორდისა და მიშელ ობამას გარშემო განვითარდება. მასში ვიხილავთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს და პირად ცხოვრებას, რომელიც საჯარო თვალის მიღმა რჩებოდა.

ვაიოლა დევისი ასევე იქნება სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიც, სცენარს კი აარონ კული დაწერს. სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.