TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამამ, ავთანდილ წერეთელმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ტელევიზიას მას ვერავინ წაართმევს. ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ თიბისის საქმეზე, ფულის გათეთრების ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენა. წერეთელი აღკვეთი ღონისძიების სახით მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას არ გამორიცხავს:

"ერთი ვიცი რა, იმ მთავრობამ წამართვა ქონება და ფული, ამ მთავრობამ წამართვა. TV პირველს ვერავინ ვერ წამართმევს. ამით დავამთავრე საუბარი... როცა დამიძახებენ სასამართლოში მივალ და არა პროკურატურაში. პროკურატურა მორჩა უკვე".

TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა იმ კომპანიებზე გასცა 17 მილიონ დოლარამდე სესხი, რომელმაც თიბისის დამფუძნებელებს მამუკა ხაზარაძესა და ავთო ჯაფარიძეს იგივე თანხა ასესხა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვახტანგ წერეთელი შპს სამგორი თრეიდის 50%-იანი წილის მფლობელი, ხოლო შპს სამგორი M-ში 20%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია სესხის აღებამდე დაახლოებით 2 წლით ადრე დაფუძნდა.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს.

28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს და მისი მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქნება.

ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, 24 ივლისს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა და სასამართლოს მათთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მათ 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აუკრძალა.

ამასთანავე, საქართველოს პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის 16 664 000 მილიონი დოლარის ქონების დაყადაღება მოითხოვა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ქონების ეს ოდენობა იმ თანხის ეკვივალენტია, რომელსაც ბიზნესმენებს ფულის გათეთრების საქმეში ედავებიან. ხაზარაძე-ჯაფარიძემ ყადაღის სასამართლო განჩინება გაასაჩივრეს.