2006 წლის 24 აგვისტო პლუტონის ფანებისათვის სევდიანი დღეა. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ამ დღეს პლუტონს პლანეტის ტიტული ჩამოართვა და მას ჯუჯა პლანეტის კლასიფიკაცია მიანიჭა.

თუმცა პლუტონის კლასიფიკაციაზე კამათს ინტერნეტში ხშირად წააწყდებით.

სულ რაღაც ორი დღის წინ, 24 აგვისტოს ნასას ხელმძღვანელმა ჯიმ ბრიდენსტინმა პლუტონის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.

"ყოველი შემთხვევისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, პლუტონი პლანეტაა", — განაცხადა ბრიდენსტინმა — "შეგიძლიათ დაწეროთ სტატიები, რომ ნასას ხელმძღვანელმა პლუტონი პლანეტად გამოაცხადა", — დაამატა მან ხუმრობით.

პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს და თავდაპირველად ის მზის სისტემის მეცხრე პლანეტად მიიჩნეოდა. თუ თქვენი ასაკი 25 წელს აღემატება, დიდი ალბათობით, სკოლაში ისწავლიდით, რომ მზის სისტემაში 9 პლანეტაა, აქედან ერთ-ერთი კი პლუტონია.

2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლანეტის ახალი, 3-პუნქტიანი განმარტება შეიმუშავა, რომლის მოთხოვნებსაც პლუტონი ვეღარ აკმაყოფილებდა.

იმისთვის, რომ სხეული პლანეტად ჩაითვალოს ის სამ პუნქტს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იმყოფებოდეს მზის ორბიტაზე, უნდა იყოს მრგვალი და საკუთარი ორბიტა პატარა მეტეორებისა და სხვა ციური სხეულებისგან გაწმენდილი უნდა ჰქონდეს.

პლუტონი სწორედ ამ უკანასკნელ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. მის გარშემო კოიპერის სარტყელის უამრავი ობიექტია, სწორედ ამის გამო ჩამოერთვა პლუტონს პლანეტის ტიტული.

2015 წელს ციური სხული ხომალდმა New Horizons-მა შეისწავლა. პლუტონის ზედაპირი მოსალოდნელზე ბევრად უფრო კომპლექსური აღმოჩნდა. ხომალდმა სხეულის გარშემო ატმოსფეროც კი დააფიქსირა. ამ ყველაფერმა კი პლუტონის კლასიფიკაციის შესახებ დებატები განაახლა.

ბრიდენსტინის კომენტარი ადამიანებისთვის, რომლებიც პლუტონის პლანეტად კლასიფიკაციას ემხრობიან, სასიამოვნო მოსასმენი იქნება. თუმცა იმის შანსი, რომ საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ბრიდენსტინის მოსაზრება გაითვალისწინოს, ძალიან მცირეა.