რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატმა, ირაკლი იმნაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სურს არხის თანამშრომლებს სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სპეციალური კონტრაქტები გაუფორმოს.

"პირველად საქართველოს მედიის ისტორიაში გვინდა შევქმნათ პრეცედენტი, როდესაც იარსებებს გაწერილი სარედაქციო შეთანხმება და მისი დარღვევა აღიქმება იურიდიულად საკონტრაქტო ვალდებულების დარღვევად", — განაცხადა მან.

იმნაიშვილმა აღნიშნა, რომ წლების წინ საქართველო ჟურნალისტური საქმიანობის გამო დატოვა და ესმის ყველა ჟურნალისტის, ვისაც არხიდან წასვლა უჭირს. მისი თქმით, ნიუსრუმი ყველას ცარიელი ჰგონია, მაგრამ რუსთავი 2-ში 800-მდე თანამშრომელი დახვდა. მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ წასულ თანამშრომლებსაც სურთ დაბრუნება.

იმნაიშვილი არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. მისი თქმით, მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა და გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

ირაკლი იმნაიშვილი რამდენიმე წელია ბრიტანეთში ცხოვრობს და ტელეკომპანია BBC-ში მუშაობსს. მანამდე ის ტელეკომპანია მზეში მუშაობდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ტელეკომპანიის დირექტორის, პაატა სალიას თქმით, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, მეორე დღეს კი თითქმის სრული შემადგენლობით ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა, კომედი არხმა და Comedi Group-მა.