"შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს ნიუსრუმი არის ცარიელი, მაგრამ დღეს, როდესაც შემოვედით ჩვენ აქ დაგვხვდა რვაასამდე ადამიანი. ასევე, რაც მოვისმინე თანამშრომლებისგან არის ის, რომ წასული ჟურნალისტების ნაწილს, სურთ დაბრუნება" — ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი რუსთავი 2-ის სტუდიიდან ირაკლი იმნაიშვილმა, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე განიხილება.

იმნაიშვილის მტკიცებით, რუსთავი 2-დან წასული ჟურნალისტები დგანან ზღვარზე და ფიქრობენ, მიიღონ ემოციური თუ პროფესიული გადაწყვეტილება.

იმნაიშვილი არხის დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. პაატა სალიას განცხადებით, მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

ირაკლი იმნაიშვილი რამდენიმე წელია ბრიტანეთში ცხოვრობს და ტელეკომპანია BBC-ში მუშაობს. მანამდე ის ტელეკომპანია მზეში მუშაობდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ტელეკომპანიის დირექტორის, პაატა სალიას თქმით, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, მეორე დღეს კი თითქმის სრული შემადგენლობით ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა, კომედი არხმა და Comedi Group-მა.