2011 წლიდან მოყოლებული აშშ-ში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, დრამატულად იზრდება. ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და გულ-სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიები პაციენტთა ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ამ მიზეზით ყოველ 38 წამში 1 ადამიანი კვდება.

ამგვარი სტატისტიკა იმიტომ არის საგანგაშო, რომ აშშ-ში მცხოვრები 19 მილიონი ადამიანი რეგულარულად მოიხმარს თევზის ქონის პროდუქტს (იგივე ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კომპლექსს) საკვები დანამატების სახით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან თავდასაცავად. ამ მოსაზრებას კი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. თევზის ქონის შემცველ საკვებ დანამატებზე ჩატარებული არცერთი კვლევა მათ ეფექტურობას არ ადასტურებს.

თევზის ქონის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაცია იმდენად მასობრივად ტრიალებს საზოგადოებაში, რომ მისი ეფექტურობის შესახებ კითხვები არც კი ჩნდებოდა. რეალურად, ამგვარ დამოკიდებულებას სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. ათწლეულების შემდეგაც კი, მოსაზრება, რომ "თევზის ქონი შეიძლება ეფექტური იყოს" ერთ რამეზე მიუთითებს — იგი არაეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და მასში გადახდილი თანხა უბრალოდ დაკარგულია.

2019 წლის 9 ივლისს ცხიმოვანი მჟავების კომპლექსის შესახებ კვლევა ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა. ნაშრომში დეტალურად იყო გაანალიზებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული 24 საკვები დანამატი და დიეტა. კვლევის ავტორებმა თავი მოუყარეს 9 სისტემურ მიმოხილვას და 4 რანდომიზირებულ- კონტროლირებულ კვლევას, რამაც საბოლოოდ საკუთარ თავში გააერთიანა 277 მცირე კვლევა და ჯამში შეაგროვა 992 129 ადამიანის მონაცემები. ამგვარი უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს ჩატარების შემდგომ მიღებულ პასუხი შემდეგნაირად ჟღერს: ომეგა-3 პროდუქციის ეფექტურობა მცირედ სარწმუნოა მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის კორონარული დაავადებების რისკების შემცირებაში.

აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) სამკურნალო მედიკამენტებისგან განსხვავებით, საკვებ დანამატებს არ ამოწმებს. შესაბამისად, მათ არც მოეთხოვებათ რაიმე სახის ეფექტურობა სხვადასხვა სახის პათოლოგიასთან ბრძოლაში. ეს შესაძლოა დამაბნეველად ჟღერდეს: თევზის ქონზე დამზადებულ დანამატებს მომხმარებელი სწორედაც ამ მიზეზით ყიდულობს. რეალურად კი მათ არანაირი გავლენა არ გააჩნიათ ამ დაავადებებზე.

ამას გარდა სხვა კვლევებით ვლინდება, რომ ზოგიერთი დანამატი იმაზე გაცილებით ცოტა ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ვიდრე ეს შეფუთვაზეა მითითებული. ასევე განსხვავებულია მათი ზოგადი შემადგენლობა და ხარისხი.

კვლევის ეს შედეგები გასაკვირი აღმოჩნდა ექიმებისთვისაც. ერთ-ერთი გამოკითხვით დადგინდა, რომ ექიმთა და ფარმაცევტთა უმრავლესობას ომეგა-3 პროდუქტები FDA-ს მიერ დამტკიცებული ეგონა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კრიტიკული მიდგომის გარეშე მცდარი შეხედულების მრავალგზის გამეორება ხალხს მის სიმართლეში აჯერებს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესამცირებლად, რისკ-ფაქტორების სწორად გასაანალიზებლად და შემდგომი ნაბიჯების ეფექტურად დასაგეგმად ექიმები და პაციენტები მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევებით უნდა სარგებლობდნენ.