დისნეიმ D23-ის ექსპოზიციაზე ემა სტოუნის ახალი პერსონაჟის კრუელა დე ვილის პირველი ვიზუალი წარადგინა. კომპანია ახალი ლაივ ექშენ ადაპტაციის გადაღებას გეგმავს, რომელიც 1961 წელს გამოსული ანიმაციის 101 დალმატინელის ახლებური ინტერპრეტაცია იქნება. ფილმს კრეგ გილესპი გადაიღებს, ემა სტოუნთან ერთად კი როგორც ცნობილია, ეკრანზე ემა ტომპსონს, პოლ ვოლტერ ჰოუსერს და ჯოელ ფრაის ვიხილავთ.

დისნეი ტვიტერზე ფოტოსაც ავრცელებს, სადაც ემა სტოუნს კრუელას საიმიჯო ორი ფერის თმით და დალმატინელებით გარშემორტყმულს ვხედავთ. მის უკან კი ჯასპერი და ჰორაციუსი დგანან.

ფილმის მოქმედება 1980-იან წლებში მოხდება, მთავარი გმირი კი ბოროტებით სახელგანთქმული კრუელა დე ვილი იქნება, რომელიც ლეკვებს იტაცებს და მათი ბეწვისგან ძალიან ძვირიან ქურქებს კერავს. შეგახსენებთ, რომ 101 დალმატინელის ანიმაციის მიხედვით პირველი ფილმი 1996 წელს გადაიღეს.

დისნეის ცნობით კრუელას პრემიერა 2021 წლის 28 მაისს შედგება.