საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დირექტორის ასარჩევად კონკურსი ისევ გამოცხადდა, უკვე მეოთხედ. წინა სამ მცდელობაზე მრჩეველთა საბჭოს ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

დირექტორობის მსურველებმა განცხადებები 26 აგვისტოდან მიმდინარე წლის 24 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. მრჩეველთა საბჭომ კი გადაწყვეტილება 2019 წლის 4 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს.

ბოლო მცდელობისას საბჭოს ერთმა წევრმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ერთი წევრი კი არ ესწრებოდა. შედეგად ხმები ორივე ტურში ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე — 2 და თინა ცისკარაძე —1. ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო დამსწრეთა ნახევარზე მეტის ხმა, ამიტომ კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

აღსანიშნია ისიც, რომ გიორგი კოხრეიძე მანამდე გამოცხადებულ ორივე კონკურსში მონაწილეობდა, მაგრამ საბჭოს არცერთ წევრს მისთვის ხმა არ ჰქონდა მიცემული.

ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში

არხის დირექტორი სამი თვეა ვერ შეარჩიეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ პროცესს ფარსი უწოდა და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო პოლიტიკურად მართულობაში დაადანაშაულა.

მისივე განცხადებით, ყოფილი დირექტორის გადაყენებიდან მალევე მიუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ურჩევდნენ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.

19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.

იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.

კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.

ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.