საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აფასებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.

"ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას", — ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს ირჩევენ. თანამდებობისთვის ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის, მოქმედი ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

როგორც დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. კონსტიტუციაშია აღნიშნული, პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზური ეროვნების, 35-წლიდან 65 წლამდე პირი. ერთსა და იმავე პირს პრეზიდენტობა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია.