პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ია კერზაიას ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე არასათანადოდ გამოიძიეს. მისივე თქმით, პროკურატურამ ოჯახის წევრებს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

"პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული", — აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

23 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საგამოძიებო უწყება ამის მიზეზად "დანაშაულის არარსებობას" ასახელებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და "შედეგად, არ დადასტურდა, რომ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება.

"ეს არის ამ ხელისუფლების სამართალი, მაგრამ ამ ყველაფერს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, საქმეს დაემატა ახალი დამნაშავეები იმ პროკურორების და გამომძიებლების სახით, ვინც ამ საქმის ფაბრიკაციაში მიიღო მონაწილეობა და ისინი მთავარ დამნაშავეებთან — გახარია-ბატიაშვილთან და მათ ზონდერებთან ერთად აუცილებლად გასამართლდებიან".

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.