ევროპული საქართველო მოითხოვს, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას. დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, რომ კერზაიას საქმე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში "პოლიტიზირებული სიტუაციის" პირდაპირი ასახვაა.

სერგო რატიანი ამბობს, რომ მათ მოკვლევის ჩატარება აქამდეც ითხოვეს, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის გამო არ დაწყებულა.

"აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ევროპული საქართველო განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას", — აღნიშნა სერგო რატიანმა ბრიფინგზე.

23 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საგამოძიებო უწყება ამის მიზეზად "დანაშაულის არარსებობას" ასახელებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და "შედეგად, არ დადასტურდა, რომ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.