ევროკავშირის ლიდერების ზეწოლის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს განკარგულებით ამაზონის ჯუნგლების ხანძრის ჩაქრობაში სამხედროები ჩაერთვებიან. სამხედროები ნაკრძალებში, მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიაზე და რეგიონის შემოგარენში განლაგდებიან.

გარემოს უფლებადამცველები და მსოფლიო ლიდერები აცხადებენ, რომ ბრაზილიის ხელისუფლება ამაზონის ხანძარს უფრო აქტიურად უნდა ებრძოდეს. ამაზონის ჯუნგლების ხანძარს საერთაშორისო კრიზისი უწოდეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ორივე მათგანმა ისურვა, რომ ამაზონის საკითხი დიდი შვიდეულის სამიტზე განიხილონ. ამასთანავე, საფრანგეთმა და ირლანდიამ უარი თქვეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ეკონომიკური შეთანხმების რატიფიცირებაზე მანამ, სანამ ბრაზილია ამაზონის გადასარჩენად ძალისხმევას არ გააძლიერებს.

23 აგვისტოს სატელევიზიო მიმართვისას ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ტყის ხანძრები მთელ მსოფლიოში არსებობს და არ შეიძლება, რომ ეს საერთაშორისო სანქციების მიზეზი გახდეს.

2019 წელს ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (Inpe) ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით გაიზარდა.

მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.

Inpe-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ტყეებში 74 ათასი ხანძარი დაფიქსირდა, როცა წინა წელს 40 ათასი ხანძარი იყო. სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ბრაზილიის ყველაზე ჩრდილო შტატი, რორაიმა მუქი კვამლით არის დაფარული. ასევე, ამაზონის შემოგარენში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

როგორც Inpe-ში ამბობენ, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი არ შეესაბამება იმ მონაცემს, რომელიც, ზოგადად, მშრალი სეზონისთვისაა დამახასიათებელი. მათივე თქმით, ცეცხლის გაჩენა უფრო ადამიანების სპეციალური ან უნებლიე ნამოქმედარია. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ წინა წლის პერიოდთან შედარებით ივნისში ტყეების გაჩეხვა 80 პროცენტით გაიზარდა.

უფლებადამცველები ამაზონის ტყეების ხანძრებში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რადგან მისი ეკოლოგიური პოლიტიკის გამო ტყეების დანაკარგები გაიზარდა. გარდა ამისა, ბოლსონარუ ამბობს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ხელისუფლებას რესურსი არ აქვს. ხანძრის გაჩენაში კი არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს, რომლებიც "დაფინანსების შემცირების გამო სამაგიეროს უხდიან".