მოქალაქეები ფეისბუქზე წერენ, რომ აბაშაში, სოფელ სუჯუნაში ქართველი მეცენატის აკაკი ხოშტარიას სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, საპატრიარქოს გადაეცა და იქ რეზიდენციის განთავსება იგეგმება. გარდა ამისა, მოქალაქეები ამბობენ, რომ საპატრიარქომ შენობისთვის ავთენტური დევის ბარელიეფი მოხსნა და წმ. გიორგის გამოსახულებით შეცვალა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქომ აკაკი ხოშტარიას სახლი აუქციონის წესით 10 წლის წინ იყიდა. შენობას ძეგლის სტატუსის კი მხოლოდ 2014 წელს მიენიჭა.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე On.ge-სთან ამბობს, რომ ადგილობრივმა, ჭყონდიდის ეპარქიამ რამდენიმე სარეაბილიტაციო სამუშაო განახორციელა. მისი თქმით, ძეგლის სტატუსის მინიჭებამდე ეპარქიამ ავთენტური სახით აღადგინა დაზიანებული სახურავი, რის გამოც ნაგებობაში წყალი ჩადიოდა და ინტერიერი და მხატვრული ელემენტები დაზიანებული იყო.

"ამავდროულად, რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა მისი წინაფასადის კარი და ფანჯრები. ავთენტური ფორმით დამზადდა ხის მასალისგან. მოიშალა საჯარო სკოლასთან დამაკავშირებელი დერეფანი, რომელიც საბჭოთა დროს იყო აშენებული და ავთენტურ იერ-სახეს არღვევდა", — აცხადებს ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, დაზიანებული დევის ბარელიეფი წმ. გიორგის გამოსახულებით სააგენტოს ნებართვის გარეშე 2015 წლის დეკემბერში შეიცვალა, რამაც ძეგლის იერ-სახე დააზიანა:

"ამაზე თავის დროზე რეაგირება გვქონდა. მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით შევიტანეთ განცხადებაში. ჩვენი თანამშრომელი გამოიკითხა კიდეც. თუმცა ამის შემდეგ გამოძიება რა ეტაპზეა ვერ გეტყვით, არ გვაქვს ინფორმაცია. რამდენადაც გვაქვს სიტყვიერი ინფორმაცია, კონკრეტულ შედეგებამდე ეს გამოძიება არ მისულა".

როგორც სააგენტოში ამბობენ, აკაკი ხოშტარიას ისტორიულ სახლში რეზიდენციის განთავსება არ იგეგმება და ეპარქიას სურს, რომ იქ აკაკი ხოშტარიას სახელობის მუზეუმი და კულტურლ-საგანმანათლებლო ცენტრი მოეწყოს.

"ადგილობრივი ეპარქია უკვე მზად არის, რომ ნებისმიერი მათი იდეა და ქმედება იყოს შეთანხმებული სააგენტოსთან", — აღნიშნა ბექა ბარამიძემ.