საქართველოს კომუნიკაციების კომისია შეისწავლის, კანონის დაცვით გაუშვა თუ არა ეთერში რუსთავი 2-მა კურიერის ნაცვლად სხვადასხვა მხატვრული ფილმი. ამის შესახებ On.ge-ს კომუნიკაციების კომისიამ კითხვაზე პასუხად აცნობა.

"საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, კომისია მონიტორინგის ფარგლებში, აღნიშნულ ფილმებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შეისწავლის და კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას", — განმარტავს კომისია.

კურიერის ნაცვლად ბოლო ორი დღის განმავლობაში გავიდა:

  • სერენადა — 21 აგვისტო, 12 სთ;
  • ნიძლავი — 21 აგვისტო, 15 სთ;
  • Foxcatcher — 21 აგვისტო, 21 სთ;
  • ფეოლა — 22 აგვისტო, 12 სთ;
  • ღვინის ქურდები — 22 აგვისტო, 15 სთ.

მხატვრული ფილმები ეთერში დაუგეგმავად განათავსეს, რადგან არხიდან ჟურნალისტების წამოსვლის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება აღარ გასულა. ტელემაუწყებლებს მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების უფლება უნდა ჰქონდეს მიღებული. თუ მსგავსი შეთანხმება არ არსებობს, მაუწყებელი სანქცირდება, პირველ ეტაპზე, სიტყვიერი გაფრთხილებით, განმეორების შემთხვევაში - ფინანსურად.

რუსთავი 2-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვება მესამე დღეა, რაც არ გადის. არხი თანამშრომლებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის გადაყენების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვეს.