რამდენიმე დღის წინ მასკმა ტვიტერზე მარსის ტერაფორმირებისთვის ბირთვული იარაღების გამოყენების იდეა კიდევ ერთხელ გააჟღერა. შემდეგ კი მალევე ამ სცენარის ალტერნატივაც შემოგვთავაზა.

მასკმა საკუთარ ტვიტში განაცხადა, რომ მარსის ზედაპირის გასათბობად ათასობით მზის ამრეკლავი თანამგზავრის გამოყენება, შესაძლოა, ცუდი იდეა სულაც არ იყოს.

მზის სხივების საჭიროებისამებრ მიმართვა ახალი იდეა არ არის. 2006 წელს ჩატარდა კვლევა, რომელშიც მეცნიერებმა 1,5-კილომეტრიანი სარკის საშუალებით მარსზე ერთი კვადრატული კილომეტრი ფართობის გათბობის იდეა განიხილეს.

აღნიშნული იდეის კვლევისთვის ნასამ მცირე გრანტიც გამოყო, თუმცა პროექტი მხოლოდ ერთი კვადრატული კილომეტრის ფართობის გათბობას ეხებოდა, მარსის ზედაპირის ფართობი კი 144,8 მილიონი კვადრატული კილომეტრია.

მასკმა მარსის დასათბობად ბირთვული აფეთქებების გამოყენების იდეაც განავრცო. მისი თქმით, მსგავსი რამის მიღწევა ნაკლებად დამაბინძურებელი თერმობირთვული ბომბების აფეთქებით შეიძლება, თანაც მარსის ატმოსფეროს გარეთ. მასკი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მარსი რადიაციით არ დაბინძურდება.

ამ მიდგომებს ერთი პრობლემა გააჩნია. მარსს ამ ეტაპზე ატმოსფეროს შეკავება არ შეუძლია. ამ შემთხვევაში კი მარსზე ტემპერატურის შესანარჩუნებლად სარკეების, ან აფეთქებების მუდმივად გამოყენება იქნება საჭირო.