ლეგენდარული სერიალის, Breaking Bad-ის ვარსკვლავები, აარონ პოლი და ბრაიან კრენსტონი სოციალურ მედიას ახალი ფილმის გასარეკლამებლად აქტიურად იყენებენ.

"მალე", — წერს ჯესი პინკმენის შემსრულებელი. "უფრო მალე", — პასუხობს ვოლტერ ვაით... კხმ... ბრაიან კრენსტონი.

თუმცა ორივე მათგანი ახერხებს, რომ გადაღების დრო, ადგილი, სიუჟეტი, მსახიობები და ყველაფერი, რაც გვაინტერესებს, საიდუმლოდ შეინახოს.

რასაც ვერ ვიტყვით სოლის როლის შემსრულებელ ბობ ოდენკირკზე, რომელმაც Hollywood Reporter-თან საუბრისას მთავარ საიდუმლოს ფარდა ახადა:

"არ ვიცი რა იცის ხალხმა და რა არ იცის. არ მჯერა, რომ არ იცით, რომ გადაღებები დასრულდა. მათ ეს უკვე გააკეთეს. ხომ ხვდებით რას ვგულისხმობ? ეს საიდუმლო როგორ იყო? თუმცა ეს ასეა. ის, რომ ამ საიდუმლოს შენახვა შეძლეს, მათ პროფესიონალიზმზე მიუთითებს".

როცა მეტ დეტალზე ჰკითხეს, ოდერნიკმა პოპულარული ადამიანისთვის დამახასიათებელ პროფესიონალიზმს მოუხმო და თქვა, რომ არაფერი იცის:

"იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებული რამ მოვისმინე, აღარ ვიცი, თუმცა ფილმს აღტაცებული ველოდები".

როგორც ცნობილია, ფილმი ნეტფლიქსზე გამოვა და მისი რეჟისორი სერიალის შემქმნელი ვინს გილიგანია. სწორედ მას ეკუთვნის ფილმის სცენარიც.