დღეს, 23 აგვისტოს შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები.

უწყება აცხადებს, რომ ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება თეთრი ალმები.