შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს მტკიცებით, გუშინ, 22 აგვისტოს, ბრალდებული მუხიანში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცბელებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.