ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ ამბობს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ხელისუფლებას რესურსი არ აქვს.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ დაავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყეების ჩასაქრობად 40 ადამიანი გამოყოს:

"40 ადამიანი ხანძრის ჩასაქრობად? რესურსი არ არის. ქაოსი დადგება".

გარდა ამისა, ტროპიკულ ტყეებში ხანძრის გაჩენაში მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა არასამთავრობი ორგანიზაციები. ბრაზილიის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ არასამთავრობოები სამაგიეროს იხდიან, რადგან დაფინანსება შეუმცირეს.

"გინდათ, რომ ინდიელები დავადანაშაულო ან მარსელები?... ყველა ეჭვმიტანილია, მაგრამ ყველაზე მეტად არასამთავრობო ორგანიზაციები", — განაცხადა ბოლსონარუმ.

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (Inpe) ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით გაიზარდა.

მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.

Inpe-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ტყეებში 74 ათასი ხანძარი დაფიქსირდა, როცა წინა წელს 40 ათასი ხანძარი იყო. სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ბრაზილიის ყველაზე ჩრდილო შტატი, რორაიმა მუქი კვამლით არის დაფარული. ასევე, ამაზონის შემოგარენში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

როგორც Inpe-ში ამბობენ, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი არ შეესაბამება იმ მონაცემს, რომელიც, ზოგადად, მშრალი სეზონისთვისაა დამახასიათებელი. მათივე თქმით, ცეცხლის გაჩენა უფრო ადამიანების სპეციალური ან უნებლიე ნამოქმედარია. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ წინა წლის პერიოდთან შედარებით ივნისში ტყეების გაჩეხვა 80 პროცენტით გაიზარდა.

ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენლის, რიკარდო მელოს თქმით, ხანძრები ტყეების გაჩეხვისა ბრალია, რომელიც ბოლო პერიოდში მომატებულია.

უფლებადამცველები ამაზონის ტყეების ხანძრებში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რადგან მისი ეკოლოგიური პოლიტიკის გამო ტყეების დანაკარგები გაიზარდა.