გთავაზობთ ინტერვიუს მაიკლ შულმანთან, რომელიც მერილ სტრიპის მეგობარი და მასზე შექმნილი ბესტსელერის ავტორია.

ფოტო: The New York Times/

მაიკლ, პირველ რიგში მაინტერესებს რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც მერილ სტრიპზე დაგეწერათ წიგნი?

მერილის ადრეული ცხოვრებით ისე დავინტერესდი, როგორც მისი დიდი თაყვანისმცემელი. მინდოდა გამერკვია, ვინ იყო მერილ სტრიპი, სანამ ცოცხალი ლეგენდა გახდებოდა, როგორ აღმოაჩინა თამაშის ხელოვნება და რა გზა გამოიარა, სანამ ეპოქალური კინოვარსკვლავი გახდებოდა. გადავწყვიტე აქცენტი გამეკეთებინა მისი ცხოვრების 20-იან წლებზე. წიგნი იწყება ნიუ-ჯერსის შემოგარენში სკოლის პერიოდით, როდესაც ის სკოლის გუნდის გულშემატკივარი გოგონა იყო და მიჰყვება 1980-იანი წლების ნაკვალევს, როცა მერილმა პირველი ოსკარი მიიღო ფილმისთვის “კრამერი კრამერის წინააღმდეგ”. აქ ნახავთ მის ბრძოლას სიყვარულისთვის, კარიერისთვის, ფემინიზმისთვის. იმედი მქონდა, რომ მკითხველი დააფასებდა მისი, როგორც ახალგაზრდა გოგონას მცდელობებს, გამხდარიყო ის, ვინც ამჟამად არის.

ფოტო: Her again

არის თუ არა წიგნში ისეთი დეტალები, რაც ჩვენ მერილის შესახებ არ ვიცით? როგორ მოუყარეთ თავი ამ ინფორმაციას?

დიახ, წიგნში ბევრი აქამდე უცნობი დეტალია. გავესაუბრე 80-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც 60-70-იან წლებში იცნობდნენ სტრიპს. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განლაგებულ არქივებსა და ბიბლიოთეკებში მოვიძიე აქამდე გამოუცემელი ხელნაწერები და წერილები და მის ახალგაზრდობაზე ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი შევიტყვე. ძალიან მაინტერესებდა მერილის ტრაგიკული რომანი მსახიობ ჯონ კაზალესთან. ეს მსახიობი ყველაზე მეტად ცნობილია ფრედო კორლეონეს როლით ფილმში “ნათლიმამა”. მერილი და ჯონი ერთმანეთს 1967 წელს შეხვდნენ და სიგიჟემდე შეუყვარდათ ერთმანეთი, თუმცა ჯონს ერთი წლის შემდეგ ფილტვების სიმსივნე დაუდგინდა და 1978 წელს გარდაიცვალა. ამ დროს მერილი მის გვერდით იყო. ამ ურთიერთობების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ სტრიპის ცხოვრებაში ეს ისტორია გარდამტეხი იყო, ამიტომ წიგნშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

ფოტო: getty

ასევე აღმოვაჩინე გამაოგნებელი დეტალები მერილ სტრიპისა და დასტინ ჰოფმანის დაძაბულ ურთიერთობებზე ,,კრამერი კრამერის წინააღმდეგ” გადაღებების დროს, რაც დასტინის არასტანდარტული სამსახიობო ტექნიკით იყო გამოწვეული. მაგალითად, სცენის გადაღებამდე დასტინი მერილს სილას აწნავდა, რომ მას ბუნებრივად ეთამაშა განაწყენებული ქალის როლი.

ფოტო: nypost

გქონდათ თუ არა პირადი შეხვედრები მსახობთან, როდესაც მასზე წიგნს წერდით?

პირველად მერილს შვილებთან ერთად 2009 წელს შევხვდი, “The New Yorker Magazine”-ის ინტერვიუსთვის. ერთი ნახვით შემიყვარდა! ძალიან მხიარული და უზომოდ კეთილშობილი ადამიანია. ერთხელ თეთრი ღვინით სავსე ჭიქა მომაწოდა, მაგრამ ვერ გამოვართვი, რადგან ორივე ხელი დაკავებული მქონდა, ერთ ხელში ბლოკნოტი მეჭირა მეორეში კი - საწერი კალამი. მან ხელი გამომიწოდა და მითხრა “მე ვიქნები შენი კოქტეილის მაგიდა”. როგორია იმის დაჯერება, რომ მერილ სტრიპი შენი კოქტეილის მაგიდაა! ამის შემდეგ სხვადასხვა წვეულებებზე ვხვდებით, წერილებსაც კი ვწერთ ერთმანეთს. თუმცა დღემდე მიჭირს იმის გაცნობიერება, რომ მერილ სტრიპი ჩემი მეგობარია. დამიჯერეთ, ეს ძალიან რთულია.

კიდევ ვისთან მეგობრობთ კინოსამყაროში?

იმის გამო, რომ “The New Yorker”-ისთვის და “the New York Times”-ისთვის ვმუშაობ, ბევრ ცნობილ ადამიანთან მიწევს შეხვედრა. ჩემი რჩეული რესპონდენტები იყვნენ: გრეის ჯონსი, პარკერ პოსეი, ემა ტომპსონი, ტილდა სვინტონი, კერი ფიშერი და პედრო ალმოდოვარი. ზოგი ვარსკვლავი მკაცრი და ფრთხილი ხდება ინტერვიუს დროს, მაგრამ ისინი, ვინც ჩამოვთვალე, თავისუფლები და მხიარულები იყვნენ. მიყვარს ისეთი არტისტებისა და შემსრულებლების შესახებ წერა, რომლებსაც არასტანდარტული, ინდივიდუალური ცხოვრების რიტმი აქვთ. მერილ სტრიპი სწორედ ასეთია. ასევე ვმეგობრობ ჰელენ მირენთან, გარი ოლდმენთან, ვაინონა რაიდერთან და ჯულიანა მარგულისთან.

დავუბრუნდეთ ისევ წიგნს, როგორ მიიღო მკითხველმა ის?

ძალიან მიხარია რომ “Her Again” ჟურნალ Vanity Fair-ის აპრილის თვის ყდაზე იყო, მოგვიანებით კი “New York Times” -ის ბესტსელერების სიაში აღმოჩნდა.

მე წილად მხვდა ბედნიერება 10 წელი მემუშავა “The New Yorker”-ისთვის, სადაც საკუთარი რუბრიკა მქონდა სახელწოდებით “Talk of the Town” (“რას ამბობს ქალაქი”), ძირითადად ხელოვნებასა და კულტურას ეხებოდა. ჟურნალი აფასებს მწერლის ხმას და მსოფლიოს საუკეთესო ლიტერატურულ ტალანტებს იზიდავს. ასე რომ აქ მუშაობა ძალიან ამაღელვებელია. ვეხმარები “The New York Times”-ის სტილის სექციასაც, რომელიც მოდას, ცნობილ ადამიანებს და ცხოვრების სტილს ეხება.

ზოგადად როგორ მუშაობთ ბიოგრაფიებზე, აქამდე თუ დაგიწერიათ ან მომავალში თუ აპირებთ? მაინტერესებს გვაძლევს თუ არა ბიოგრაფიული წიგნი იმის საშუალებას, რომ სრულყოფილად გავიცნოთ ის ადამიანი, რომლის შესახებაც წერთ?

არის თუ არა ბოლომდე ნეიტრალური თქვენი დამოკიდებულებები და შეფასებები იმ პიროვნებისადმი, ვისზეც წერთ? ახერხებთ თუ არა სძლიოთ ცდუნებას და თავად არ შეავსოთ ისტორია თქვენი მოგონილი დეტალებით?

ეს ჩემი პირველი წიგნია. კიდევ მსურს დაწერა, მაგრამ არ გადამიწყვეტია, რის შესახებ დავწერ და საერთოდ იქნება თუ არა ეს ბიოგრაფია.

კარგად დაწერილი ბიოგრაფია მკითხველს საშუალებას აძლევს დაინახოს გმირი ისტორიულ კონტექსტში და ამავე დროს შეიგრძნოს სიახლოვე, რომელსაც სხვანაირად ვერ მიაღწევდა. რაც მთავარია, ბიოგრაფიული წიგნი წასაკითხად საინტერესო უნდა იყოს. არ მქონია მცდელობა ვყოფილიყავი ნეიტრალური, რადგან ამ შემთხვევაში წიგნი მხოლოდ ფაქტების მშრალი ჩამონათვალი იქნებოდა. წერა დავიწყე, როგორც მერილ სტრიპის დიდმა თაყვანისმცემელმა, მაგრამ იმის სურვილით, რომ გამეგო ვინ არის ის და როგორ დაეუფლა თავის პროფესიას. დასკვნები აქტიური კვლევის შედეგად გამოვიტანე. წიგნი ჩემი ხმით, ჩემი პერსპექტივიდან არის დაწერილი. არ მინდოდა მკითხველისთვის თავზე მომეხვია საკუთარი აზრები, მაგრამ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ნეიტრალური ბიოგრაფია. ბიოგრაფიის ავტორი ისე უნდა მოიქცეს, როგორც სხვადასხვა წყაროებისა და ფრაგმენტების ინტერპრეტატორი - მოაქციოს დეტალები გარკვეულ ჩარჩოში და მკითხველს მოუთხროს თანმიმდევრული, დამაჯერებელი ისტორია.

თქვენ ახსენეთ მერილის ბრძოლა ფემინიზმისთვის, მაინტერესებს თქვენი აზრი მის ერთ-ერთ ბოლო ფილმზე “სუფრაჟისტები”. იქნებ თქვენ, როგორც ცნობილი ჟურნალისტი და ავტორი გვესაუბროთ ფემინიზმზე. აქ საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავი ქალი გახდა ყოფილი ქმრის ან ამჟამინდელი ქმრის მსხვერპლი. ხშირად ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტებიც ექცევიან გენდერული სტერეოტიპების ჩარჩოში და მაგალითად, ქალს სუსტ სქესს უწოდებენ. იქნებ ამერიკული მედიის მაგალითით გვითხრათ, რა როლი ეკისრება მედიას პატრიარქატულ სამყაროსთან ბრძოლაში?

მერილის მონაწილეობა “Suffragette“- ში, მიუხედავად იმისა, რომ მცირე როლი აქვს, ასახავს მის თავდადებასა და დამოკიდებულებას ფემინიზმის მიმართ. ამერიკას ფემინიზმის ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც იწყება სუფრაჟისტების მოძრაობით, რამაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მოუტანა და გრძელდება 60-70-იანი წლების ტალღით, რომელიც რეპროდუქციულ უფლებებზე და სამსახურში თანასწორუფლებიანობაზე იყო ფოკუსირებული. ეს იყო ეპოქა, რომელმაც ჩამოაყალიბა მერილ სტრიპის, როგორც ახალგაზრდა ქალის მსოფლმხედველობა. დღეს ფემინიზმი განაგრძობს განვითარებას ამერიკასა და მსოფლიოში. მე, როგორც კაცი, ამაყად მივიჩნევ თავს ფემინისტად. ვფიქრობ, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ ყველა ის უფლება და შესაძლებლობა, რომლითაც კაცები სარგებლობენ. ჟურნალისტის რანგში ყოველთვის ვცდილობ ფრთხილი ვიყო და თავიდან ავიცილო ორმაგი სტანდარტები. ჰილარი კლინტონის კანდიდატობასთან ერთად ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახდა. ჰილარი ხშირად ხდება ისეთი ტიპის კრიტიკის მსხვერპლი, რომელიც მამაკაც პოლიტიკოსებზე არ ვრცელდება, იქნება ეს მისი ხმის ტონი, თუ ჩაცმულობის სტილი. კიდევ ბევრი საკითხია, რომელსაც ფემინიზმი ეხება, დაწყებული ოჯახური ძალადობითა და ჩაგვრით დამთავრებული თანაბარი ხელფასით. ბოლო წლებში მერილ სტრიპი თავის მსოფლიო პოპულარობას იმისთვის იყენებდა, რომ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ამ მტკივნეული საკითხებისადმი. რაც შეეხება მედიის როლს, მთავარია, რომ საქართველოში მედია მიხვდეს კარგ და ცუდ სტერეოტიპებსაც თვითონ აყალიბებს და დროულად გაიაზროს პასუხისმგებლობა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ?! რატომ უნდა მოგინდეს რომ ვინმეს სუსტი სქესი უწოდო?!

წიგნის დაწერის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ერთი, რისი გადმოცემაც ვერ მოვახერხე, არის მსგავსება მერილისა და ჩემს ცხოვრებას შორის. სხვისი ცხოვრებისა თუ ახალგაზრდობის ასე ღრმად შესწავლამ დამაფიქრა იმ ბრძოლაზე და გაურკვევლობაზე, რომელსაც ამ ასაკში ყველა ადამიანი ეჯახება. მათ შორის, ისეთი სრულყოფილებიც, როგორიც მერილ სტრიპია. მივხვდი, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ. ბედნიერება კი ვერ მოვა, თუ ჩვენ გარშემო იარსებებს სექსიზმი, რასიზმი, ჰომოფობია და ყველაფერი, რაც ადამიანების თანასწორობას ხელს უშლის.