ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა დაკომპლექტებული იქნება ახალი ძალა და იქ არ იქნებია ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები. მისივე თქმით, ისინი აგრძელებენ საზოგადოებრივი მოძრაობისა და პარტიის მიმართულებით მუშაობას.

"ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც სურს ახალ საქართველოში ცხოვრება. ეს იქნება ხალხი, რომელსაც ამოუვიდა ყელში ეს ყველაფერი. იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ ივლისში განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს.

28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს და მისი მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იქნება.

ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, 24 ივლისს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენა და სასამართლოს მათთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მათ 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აუკრძალა.

ამასთანავე, საქართველოს პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის 16 664 000 მილიონი დოლარის ქონების დაყადაღება მოითხოვა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ქონების ეს ოდენობა იმ თანხის ეკვივალენტია, რომელსაც ბიზნესმენებს ფულის გათეთრების საქმეში ედავებიან. ხაზარაძე-ჯაფარიძემ ყადაღის სასამართლო განჩინება გაასაჩივრეს.

ამავე საქმეზე 20 აგვისტოს ბრალი წაუყენეს TV პირველის მფლობელის მამას, ავთო წერეთელს. მას ფულის გათეთრებაში დახმარება ედება ბრალად.