პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზზე ჩადის მაშინ, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს და არა სხვისი დღის წესრიგის მიხედვით. ამის შესახებ მან ვილნიუსში პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ ჩადის პრეზიდენტი სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ავლებს.

"მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით", — უპასუხა პრეზიდენტმა პირველ არხს.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ. მანვე აღნიშნა, რომ მისი მოვალეობაა საქართველოს პარტნიორებთან საუბარი.

"ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას", — განაცხადა პრეზიდენტმა.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა. 15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა. რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. რაზმაძეების ოჯახმა სახლი მთლიანად დაშალა და საშენი მასალა გამოიტანა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და გორის მერი სოფელში რამდენიმე დღე არ გამოჩენილან. როგორც გორის მერმა განაცხადა, სოფელში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავიდოდა. მოსახლეობა მერის ამ პასუხს კრიტიკულად შეხვდა. რაც შეეხება პრეზიდენტს ის სოფელში შვებულებიდან დაბრუნების შემდეგაც არ ჩასულა და განაცხადა, რომ როცა საჭიროდ ჩათვლიდა მომხდარის შეფასებას, ჟურნალისტებს თავად აცნობებდა.

პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის დაწყებიდან ორ კვირაში, გვიან ღამით ჩავიდნენ. ისინი პრემიერი ესტუმრა მარღიშვილის ოჯახს, რომელმაც ის ტელევიზიით მიიწვია. თუმცა, როგორც On.ge-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა, ის არ შეხვედრია დაზარალებული გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებს.